ახალი ამბებიგართობასაზოგადოებახელოვნება

მერაბ ნინიძე Homeland-ის შესახებ საუბრობს

25 აპრილი, 2018 • 2522
მერაბ ნინიძე Homeland-ის შესახებ საუბრობს

“დიდი მადლობა ამდენი ყურადღებისთვის. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ კარგა ხანია ამ პროფესიას ვემსახურები და ასეთი გამოხმაურება არაფერს არ ჰქონია. მე თვითონაც გამიკვირდა იმიტომ, რომ დავინახე, რამდენი ხალხი უყურებს და გამიხარდა” – ამბობს მერაბ ნინიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამერიკულ სერიალ Homeland-ში პირველად გამოჩნდა.

მსახიობთან ექსკლუზიური ინტერვიუ, სადაც ნინიძე პოპულარულ ამერიკულ სატელევიზიო შოუსა და მის პერსონაჟზე საუბრობს, “იმედის დღემ” ჩაწერა:

“როდესაც წავიკითხე მე-11 და მე-12 სერიის სცენარები, გამიკვირდა. იმიტომ, რომ თავიდან მეგონა, უფრო პროპაგანდისტული იქნებოდა, ცალმხრივი. უფრო ამერიკული მხარის სიმართლეს და სიძლიერეს წარმოაჩენდა. როდესაც ვიყავი გადაღებაზე, ვუსმენდი, როგორ წერდნენ ამ დიალოგებს და როგორ ჰქონდათ მოტანილი მთელი ეს რუსული თემა, მე არ მომეჩვენა, რომ აქ იყო დიდი პროპაგანდა იმიტომ, რომ დაძაბულობა ისედაც არის.

ყველა ადარებს ამ დროს ცივი ომის პერიოდს, 60-იან წლებში, როცა ურთიერთობა საერთოდ არ იყო ამერიკასა და მაშინდელ საბჭოთა კავშირს შორის. ახლა თითქოს უფრო გახსნილია სამყარო, მაგრამ იგივე კონფლიქტით, აღმოჩნდა, რომ არ მოგვარებულა იმის შემდეგ და იმავე კონფლიქტში არის სამყარო ამჯერად ამერიკასა და არა საბჭოთა კავშირს, არამედ რუსეთს შორის. ახალი ამბები ამით იწყება – რა თქვა პუტინმა,  რა თქვა ტრამპმა, რით დაემუქრა კორეა ამერიკას –  ამ ცუდ დროში ვცხოვრობთ.

მე ერთი სცენა გამახსენდა, რომელიც მე-11 სერიაშია, როდესაც ევგენი გორმოვი გამოდის ამ შეხვედრაზე. ამ სცენაში ევგენის ტექსტი რაც იყო, ამერიკელებს ეუბნება, რომ ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ თანამოაზრეები ვყოფილიყავით, ჩვენ თვითონაც დავანგრიეთ კომუნიზმი, დავანგრიეთ ბერლინის კედელი და შემდეგ თქვენ ჩვენ გვიღალატეთო. მერე დაიწყო იუგოსლავიის ომი, ერაყი, სირია. ამაში რომ ბრალს სდებს, ამერიკულ სერიალში, რომელიც არის ამერიკელების დაწერილი და ეს გატარებულია, ეს აზრიც კი მომეჩვენა, რომ ძალიან ლიბერალურად და დემოკრატიულად იყო დაწერილი.“ – ამბობს მსახიობი. 

ნინიძის თქმით, სანამ Homeland-ის გადაღებებზე აღმოჩნდებოდა, სერიალის არცერთი სერია არ ჰქონდა ნანახი:

საინტერესო იყო ამ სერიალში, მე მანამდე არ მინახავს არცერთი სერია, არცერთი სეზონი. ძალიან ბევრი მქონდა გაღებული და მსახიობებთან ურთიერთობაც საინტერესო იყო. რთული ის იყო, რომ გადასაღებ მოედანზე არავის ესმის რუსული ენა – ენა, რომელზეც გიწევს თამაში უმეტესად, არავის ესმის 3 ადამიანის გარდა. როცა ხვდები, რომ არავის ესმის, რას ამბობ, ეს იყო ცოტა უცნაური.

მეორე ის არის, რომ ჩვენ პირდაპირ შევვარდით ამ სერიალის ფინალში, მოსამზადებელი პერიოდი, ფაქტობრივად, არ ყოფილა. იყო პატარა მოლაპარაკება, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ტიპი. მე, როგორც მსახიობი, არანაირად არ ვუყურებ ამას, როგორც პოლიტიკურად შეფუთულ პაკეტს და ჩემს იდეოლოგიას არ ვატარებ ყოველთვის იმ როლებში, რომელსაც ვთამაშობ, რადგან სხვადასხვა ტიპის ადამიანის თამაში მიწევს”, – ამბობს მსახიობი “იმედის დღისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მერაბ ნინიძე Homeland-ში

მსახიობი ტელეშოუს მეშვიდე სეზონის მეთერთმეტე სერიაში “All in” რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსნის როლს ასრულებს, რომელიც აგენტების დახმარებით აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მარჯვენა ხელის წინააღმდეგ მუშაობს.

მანამდე ნინიძე სერიალის მეშვიდე სეზონის მეცხრე ეპიზოდში – Useful Idiot –  უკვე გამოჩნდა, თუმცა მოცემულ სერიაში, სატელეფონო საუბრის სცენაში, მხოლოდ მისი ხმა ისმოდა.

Homeland-ის მეთერთმეტე სერია ეთერში დღეს, თბილისის დროით გამთენიისას გავიდა. Homeland-ის მეშვიდე სეზონის ფინალური სერია Show Time-ის ეთერში კვირას, 29 აპრილს გავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი