ახალი ამბები

დევნილის შემწეობა შესაძლოა 45 ლარამდე გაიზარდოს

12 ნოემბერი, 2013 • • 1346
დევნილის შემწეობა შესაძლოა 45 ლარამდე გაიზარდოს

პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროეტის მიზანია, შემუშავდეს ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვასა და პირველადი დახმარების აღმოჩენას იძულებით გადაადგილებისას, ასევე, დევნილთა უფლებების დაცვას იძულებით გადაადგილებისას, დევნილთა უფლებების დაცვას იძულებით გადაადგილების მთელ პერიოდში და ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის ქვეყნის სხვა ნაწილში ცხოვრებისას მათ ინტეგრაციას და მათი პრობლემების გრძელვადიან გადაწყვეტას, ასევე განსაზღვრავს მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე უსაფრთხი და ღირსეული დაბრუნებისა და რეინტეგრაციის გარანტიებს.

 

კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება დევნილის ცნება, კერძოდ: “იძულებით გადაადგილებულ პირად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე, ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმოქნე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის, ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ან თავისუფლებას, უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან/და ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით შეუძლებელია მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქე, ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას, თუ ორივე მშობელს აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლების, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამასთან, მშობლების, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანისთვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, სრულწლოვანების მიღწევისას, კანონპროექტით პირს ეძლევა საშუალება პირადი განცხადების საფუძველზე მიენიჭოს დევნილის სტატუსი. 

 

“კანონპროექტი არ ითვალისწინებს ტერმინთა განმარტებებში ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი; დევნილთა კერძო განსახლების ობიექტი; და დროებითი საცხოვრებელი ადგილი”, რაც უზრუნველყოფს დევნილთა თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დევნილის შემწეობის ოდენობისა და კომუნალური ხარჯების ანაზღაურებისას,” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელ ერთ დევნილზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 ლარი დევნილის შემწეობა და ერთი დევნილის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება თვეში ხორციელდება ქალაქ თბილისში არაუმეტეს 13.48 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონში- არაუმეტეს 12.98 ლარის ოდენობით. ასევე, სხვა კომუნალური და ხარჯების დასაფარად ერთ დევნილზე ირიცხება თანხა ქალაქ თბილისში არაუმეტეს 10.2 ლარი, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში -არაუმეტეს 5 ლარი. კერძო სექტორში მცხოვრებ ერთ დევნილზე ირიცხება მხოლოდ დევნილის შემწეობა 28 ლარის ოდენობით.

 

“კანონპროექტი ადგენს დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის განმარტებებს, რომლებიც აყალიბებს ერთიან მიდგომას იძულებით გადაადგილების პერიოდში დევნილთა საცხოვრებელ ადგილთან მიმართებაში. შესაბამისად, ამ ტერმინების მიზანია დევნილებზე გაიცეს ერთი დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს როგორც ელექტროენერგიის, ასევე, სხვა კომუნალურების ხარჯებსაც,” – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში. 

 

კანონპროექტით მარტივდება დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურა, რადგან ისეთ დებულებებს, როგორებიცაა დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი და მისი უფლებები და მოვალეობები, კანონპროექტი არ ითვალისწინებს. 

 

კანონპროექტი ასევე ეხება დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლებს. კერძოდ, დევნილს შემწეობა შეუწყდება, თუ დევნილის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1250 ლარს და მეტს, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფელბამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით. ასევე, კანონპროექტში რჩება ის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც დევნილს შეუწყდება შემწეობა, თუ ის პირადი განცხადების საფუძველზე არის თანახმა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღების თობაზე.

 

იცვლება დევნილთა საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებული უფლებები და საცხოვრებელ ფართიდან გამოსახლების მარეგულირებელი დებულებები. ვინაიდან კანონპროექი არ ცნობს ტერმინს ,, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი“, კანონპროექტში გამოიყენება ტერმინი ,,მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი“. კანონპროექტით ასევე განსზღვრულია, თუ რომელი საცხოვრებელი ფართები წარმოადგენენ ,,მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელს.“

 

კანონპროექტიში მოცემული ინფორმაციის თანახმად, “დევნილთა და განსახლების სამინისტროს“ ინფორმაციით, 2013 წლის ივნისის თვის მონაცმებით, საქართველოში დევნილის სტატუსისი მატარებელი 271 592 პირია, საიდანაც 32 349 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ხოლო 239 243 დევნილი შემწეობის მიმღები პირია. დღეისთვის არსებობს დევნილთა ორი კატეგორია, კერძოდ, დევნილის შემწეობის მიმღები 239 243 პირიდან: კომპაქტურად განსახლებულ ობიექტებში რეგისტრირებულია 35 875 პირი, ხოლო კერძო სექტორში -203 368 პირი. კომპაქტურად განსახლებულ ობიექტებში შემწეობის სახით გაიცემა 22 ლარი, ხოლო კერძო სექტორში- 28 ლარი, შესაბამისად, ამ ორივე კატეგორიის დევნილთათვის თვეში შემწეობის სახით საჭიროა 6 483 554 ლარი, ხოლო წელიწადში- 77 802 648 ლარი.”

 

კანონპროექტის მიზანია დევნილის შეწმწეობა 45 ლარი გახდეს, რომელსაც პირი თავისი შეხედულებებისამებრ გამოიყენებს, აღარ მოხდება კომუნალური ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გამოთავისუფლდება ამ კომუნალური ხარჯებისთვის თვეში ბიუჯეტიდან გამოყოფილი 758 484,52 ლარი, ხოლო წელიწადში- 9 101 815 ლარი. 

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, დღეისთვის დევნილთა შემწეობისა და მათი კომუნალური ხარჯების ანაზღაურების დაფარვის მიზნით, ბიუჯეტიდან 86 904 463 ლარია მიმართული. ხოლო კანონპროექტში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, დევნილის სტატუსის მატარებელ 239 243 პირზე დევნილის შემწეობის 45 ლარის ოდენობით გაცემის მიზნით, ბიუჯეტიდან თვეში 10 765 935 ლარი იქნება გამოსაყოფი, ხოლო წელიწადში- 129 191 220.

მასალების გადაბეჭდვის წესი