ახალი ამბები

სამხედრო სამსახურში გაწვევის პირობები შესაძლოა შეიცვალოს

12 ნოემბერი, 2013 • • 1298
სამხედრო სამსახურში გაწვევის პირობები შესაძლოა შეიცვალოს

კანონპროექტის თანახმად, რომლის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია, ცვლილებების მიზანს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის უფლების მქონე სუბიექტების დაზუსტება წარმოადგენს.

 

“გამომდინარე იქიდან, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა იწყება ზაფხულში, ხოლო მაგისტრატურაში ჩარიცხვის შედეგები, როგორც წესი, ცნობილი ხდება სექტემბერში, ასევე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სწავლის მესამე საფეხურზე-დოქტორანტურაში მიღებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აცხადებენ სექტემბრის დასაწყისიდან, პირებს, რომელთაც უწყვეტად სურთ განათლების მიღება და სწავლის ერთი საფეხურის დასრულების შემდეგ იმავე წელს განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელება, გარკვეული პრობლემები ექმნებათ. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებს იმ გარემობას, რომ საშემოდგომო გაწვევა 31 დეკემბრამდე გრძელდება, წარმოდგენილი კანონპროექტი ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრას ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას,” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

წარმოდგენილი კანონპროექტით პირს, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სწავლის პირველი საფეხურის დასრულების წელს დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მონაწილეობის მისაღებად, სამხედრო სავალდებულო სამსახური გადაუვადდება გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე. ხოლო გამოცდის შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, იმავე წელს 30-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ 1″ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე.

 

ასევე, პირს, რომელმაც დაასრულა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სწავლის მეორე საფეხური, სამხედრო სავალდებულო სამსახური გადაუვადდება იმავე წელს ამ დაწესებულებების მიერ სწავლის მესამე საფეხურზე მიღების გამოცხადებამდე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მესამე საფეხურზე დარეგისტრირების შემთხვევაში- შესაბამისი გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე.  ხოლო გამოცდის შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში- იმავე წელს 30-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ 1” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე.

 

აღნიშნული კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი