ახალი ამბები

კვიციანის ცნობით, მეუფე სპირიდონი “რელიგიური გრძნობების” შეურაცხყოფაზე გამონაკლისის დაწესებას ითხოვს

24 აპრილი, 2018 • 7083
კვიციანის ცნობით, მეუფე სპირიდონი “რელიგიური გრძნობების” შეურაცხყოფაზე გამონაკლისის დაწესებას ითხოვს

დეპუტატი ემზარ კვიციანი, რომელიც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” სისხლისსამართლებრივად დარეგულირების კანონპროექტის ინიციატორია, აცხადებს, რომ სხალთის მთავარეპისკოპოსს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს. როგორც კვიციანმა დღეს თქვა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად არ უნდა ჩაითვალოს ის განცხადებები, რომელსაც მღვდელი ქადაგებისას გააკეთებს.

“მე დამირეკა მეუფე სპიროდნმა. დიდხანს ვისაუბრეთ. აქვს შენიშვნები, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ეს არ უნდა ეხებოდეს, ქადაგების დროს რას იტყვის მამაო ან სხვა რელიგისს წარმომადგენელი. ქადაგების დროს არის ერთმანეთში ოპონირება, თუნდაც მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის. ეს არ უნდა ითვლებოდეს შეურაცხყოფად. ეს არის ჩეულებრივი… როცა ქადაგების დროს ქადაგებს მამაო, ეს არ არის შეურაცხყოფა, შეურაცხყოფა არის, როდესაც ჩვენს წმინდანებს, მეფეებს, უწმინდესსა და უნეტარესს როცა ლანძღვანენ. რა არის აქ გაუგებარი?”, – აცხადებს კვიციანი.

პარლამენტი განიხილავს ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ინიციატივის მიზეზი გახდა ბოლო პერიოდში საქართველოში  მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიების და წმინდანების გახშირებული შეურაცხყოფა.

კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა. იდეის დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ინიციატივას დღეს მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი