ახალი ამბები

თანამშრომლები სახალხო დამცველის წინააღმდეგ

11 ნოემბერი, 2013 • • 1456
თანამშრომლები სახალხო დამცველის წინააღმდეგ

როგორც თანამშრომლები აცხადებენ, სამსახურის დატოვების ბევრი მიზეზი არსებობდა, თუმცა კულმინაცია იმნაძისა და კვაჭაძის უკანონოდ გათავისუფლება იყო:

 

“როდესაც სახალხო დამცველი საკუთარი თანამშრომლის უფლებებს არღვევს, ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ ის სხვის უფლებებს დაიცავს”, – აცხადებს მაია გიგინეიშვილი.

 

სამსახურიდან მათი გათავისუფლების მიზეზებზე დღეს ნათია იმნაძემაც ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, სამსახურის დატოვებამდე მათ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას აიძულებდნენ:

 

“ჩვენ გვაიძულებდნენ, ჯერ წინადადებით მოგვმართეს და შემდეგ დაჟინებულად, გვაჯერებდა პაატა ბელთაძე, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, თუ სამსახურს ჩვენივე განცხადების საფუძველზე დავტოვებდით. გვეუბნებოდა- სად სამსახურიდან გათავისუფლებულები რომ იქნებით და სად თქვენი ნებით რომ წახვალთო, მაგრამ უარი განვაცხადეთ, რასაც მოჰყვა ჩვენი უკანონოდ გათავისუფლება”, – აცხადებს იმნაძე.

 

მისი თქმით, მათი გათავისუფლების საქმე ნამდვილად უკავშირდება თეა თუთბერიძის ვიზიტს ბაჩო ახალაიასთან:

 

“სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მე და ოთარ კვაჭაძეს ხელი უნდა შეგვეშალა თეა თუთბერიძისთვის სახალხო დამცველის რწმუნებით განსაზღვრული უფლებამოსილების შესრულებაში. ჩვენ არ გვქონდა არანაირი უფლება, რომ თეა თუთბერიძისთვის ხელი შეგვეშალა მისი უფლებამოსილების შესრულებაში. წარმოუდგენელი და სრულიად დაუშვებელია, რომ ერთმა ექსპერტმა ან ჯგუფის წევრმა ხელი შეუშალოს მეორე ექსპერტს მისთვის რწმუნებით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებაში, მით უმეტეს, რომ ზემოაღნიშნული შეხვედრა თავად პატიმარმა მოითხოვა. მსგავსი რეგულაცია უბრალოდ არ არსებობს, ხოლო ზემოაღნიშული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სახალხო დამცველს, რბილად რომ ვთქვათ, არანაირი წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის პრევენციის ეროვნული მექანიზმი და რა მიზნებს ემსახურება ის”, – განაცხადა იმნაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია აუცილებლად მიეწოდება ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს და გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტს, ისევე, როგორც საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. 

 

ნათია იმნაძის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, ანგარიშვალდებულება გააჩნია არა მხოლოდ პარლამენტის წინაშე, არამედ ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი პირის წინაშეც.

 

სახალხო დამცველის აპარატის უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს რამდენიმე ფაქტიც წარმოადგინეს, რომელიც, მათი თქმით, სახალხო დამცველის უმოქმედებაზე მიუთითებს:

 

“2013 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც პატიმრებმა #7 დაწესებულების საკნებში აღმოაჩინეს სამეთვალყურეო კამერები, ადმინისტრაციამ პრაქტიკულად ყველა საკანში, ახლა უკვე ღიად დაამონტაჟა სამეთვალყურეო კამერები. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა დეპარტამენტმა მოამზადა რეკომენდაცია, ხოლო სახალხო დამცველმა არა მხოლოდ არ გაასაჯაროა აღნიშნული ფაქტი, არამედ რეკომენდაციის ხელმოწერაზეც უარი განაცხადა. უფრო მეტიც, მისი მდივანი სთხოვდა პრევენციის ეროვნული ექანიზმის წერვს, რომ ელექტრონული სისტემიდან საერთოდ წაეშალა მის მიერ მომზადებული და სახალხო დამცველისთვის გადაგზავნილი რეკომენდაცია”, – განაცხადა ნათია იმნაძემ.

 

მაია გიგინეიშვილის თქმით, სახალხო დამცველს არ ჰქონია რეაგირება საგარეჯოს პოლიციის სამმართველოში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებითაც:

 

“2013 წლის 17 ოქტომბერს საგარეჯოს პოლიციის სამმართველოდან სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები ფაქტიურად ძალის გამოყენებით გამოგვყარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის არაადეკვატურ განცხადებებზე სახალხო დამცველს პირადად კომენტარიც კი არ გაუკეთებია, მხოლოდ ჩვენივე დაწერილი განცხადების გავრცელებით შემოიფარგლა და მთელი კვირის განმავლობაში სხვა თემებით ცდილობდა ამის გადაფარვას”, – განაცხადა გიგინეიშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი