ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა

23 აპრილი, 2018 • 4193
სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა. სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ სომხეთის მოქალაქეები მასშტაბურ აქციებს ბოლო ათი დღეა მართავდნენ.

ახალი კონსტიტუციით სარგსიანი ქვეყნის მეთაური 2022 წლამდე უნდა ყოფილიყო.

[red_box]როგორ და რატომ დაიწყო აქციები სომხეთში[/red_box]

ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა. 

აქცია სლოგანით “არა სერჟს”! მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ ერევანში ჯერ კიდევ 23 მარტს გაიმართა. მარში ახალგაზრდა აქტივისტებმა გამართეს და მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქვეყნის ოპოზიციურ პარტიებს. მოქალაქეებმა აქციის შესახებ ფეისბუკიდან შეიტყვეს.

პარალელურად ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლებს არგუმენტების ჩამოყალიბება უწევდათ, რატომ უნდა დარჩენილიყო სერჟ სარგსიანი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, თუმცა თავად სარგსიანი პირდაპირ და ღიად არ საუბრობდა საკუთარი გეგმების შესახებ. მეტიც, 2014 წლის 10 აპრილს აბსოლუტურად ცალსახა პირობა დადო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენზია არ ექნებოდა.

რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.

პარტიამ “სამოქალაქო შეთანხმება”, რომელიც ოპოზიციური ბლოკის, “ელკის” ნაწილია, სერჟ სარგსიანის ხელისუფლების გახანგრძლივების წინააღმდეგ კამპანია “ჩემი ნაბიჯი” დაიწყო. თუმცა თავდაპირველად ყველაფერი იმით შემოიფარგლებოდა, რომ პარტიის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი და მისი თანაგუნდელები ონლაინ რეჟიმში ტრანსლირებდნენ, თუ სად გადაადგილდებიან ფეხით. პაშინიანის გეგმით, კამპანია სერჟ სარგსიანის პრემიერად დანიშვნის წინააღმდეგ ერევანში დიდი მიტინგითა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებით უნდა დასრულებულიყო.

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.

სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ, 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.

დღეს, 23 აპრილს აქციას სტუდენტების დიდი ნაწილი და ათეულობით ჯარისკაცი შეუერთდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი