ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში სტუდენტები სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ

23 აპრილი, 2018 • 2468
ერევანში სტუდენტები სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ

ერევანში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ და უნივერსიტეტების ეზოებში იკრიბებიან. მათი განცხადებით, ისინი მშვიდობიან აქციებს უერთდებიან.

“აქციაში ვმონაწილეობ იმიტომ, რომ ნორმალური ცხოვრება მინდა. ცვლილებების დრო დადგა. ყველა ჩემი კურსელი აქაა, ყველას ერთი გვინდა ახლა, სერჟ სარგსიანი წავიდეს”, – ამბობს არტურ მანუკიანი, პირველი კურსის სტუდენტი.

არტურ მანუკიანი, აქციის მონაწილე; 23 აპრილი, 2018; ფოტო: მარიამ მუგდუსიანი, ნეტგაზეთი

სტუდენტების, ლილიტ ბოროიანიs და ჰაიკუშ სედრაკიანის მთავარი მოთხოვნაც სერჟ სარგსიანის გადადგომაა.

“მთავარია წავიდეს. მერე კი უფრო დიდი პატივისხემა იქნება სომხეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოებაში. ნიკოლ პაშინიანი კი არ არის ჩვენი ლიდერი, ყველა ლიდერები ვართ დღეს”, – ამბობს ლილიტ ბოროიანი, სტუდენტი.

ფოტო: მარიამ მუგდუსიანი/ნეტგაზეთი

საპროტესტო აქციები ერევანში დილიდან განახლდა. სომხეთის პოლიცია აცხადებს, რომ აქციები არასანქცირებულია და, შესაბამისად, დემონსტრაციას დაშლის. საზოგადოება უკვე გუშინვე ელოდა მიტინგის დარბევას, როდესაც ხელისუფლებამ ქუჩაში მძიმე ტექნიკა გამოიყვანა.

ამ დრომდე უცნობია ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ადგილსამყოფელი. ის გუშინ, 22 აპრილს, სერჟ სარგსიანსთან შეხვედრის შემდეგ პოლიციამ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

სომხეთში სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ ოპოზიციის აქციებზე ერევანში და სომხეთის სხვა ქალაქებში, პოლიციისა და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ათეულობით მოქალაქეა დაკავებული.

სერჟ სარგსიანი სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე აირჩიეს.

სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს.

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.

სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “სამოქალაქო შეთანხმების” და საპარლამენტო ფრაქციის, “გამოსვლის” ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთში არაძალადობრივ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს.

აქციების პარალელურად, სომხეთის პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ამბობს, რომ სწორედ ხშირი საპროტესტო აქციებია იმის მიზეზი, რომ სომხეთის ეკონომიკა არ ვითარდება – “ინვესტორებისა და ტურისტების დიდ ნაკადს სომხეთში ყოველწლიური დემონსტრაციები ხელს უშლის”. ამის შესახებ სარგსიანმა სომხეთის ტელეკომპანია “შანტს” განუცხადა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი