აქცია სლოგანით “არა სერჟს”! მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ ერევანში გაიმართა. მარში ახალგაზრდა აქტივისტებმა გამართეს და მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქვეყნის ოპოზიციურ პარტიებს. მოქალაქეებმა აქციის შესახებ ფეისბუკიდან შეიტყვეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ სურთ 2018 წლის 9 აპრილის შემდეგ ქვეყნის პრემიერ მინისტრად კვლავ სერჟ სარგსიანი იხილონ. მათი განცხადებით, საქმე იმაშია, რომ სარგსიანის 10 წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყნაში ყველა სფეროს განვითარება შეფერხდა. განსაკუთრებით კი აღნიშნავენ იმას, რომ სომხეთი ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.
დემონსტრანტებმა ქალაქის გარკვეული ადგილები გადაკეტეს, ბოლოს კი მმართველი რესპუბლიკური პარტიის მთავარ ოფისთან მივიდნენ და შენობის შესასვლელ კარზე პოსტერები გააკრეს წარწერებით “არა სერჟს, წავიდეს!”
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინა მარშებისგან განსხვავებით, აქციისთვის ხელი არ შეუშლიათ პოლიციელებს.
პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს პრეზიდენტობის ვადა 2018 წლის 9 აპრილს ეწურება. სომხეთის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი შვიდი დღის განმავლობაში უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე სერჟ სარგსიანი მოიაზრება. ახალ პრეზიდენტად კი დეპუტატების მიერ უკვე არჩეულია არმენ სარქსიანი. საზოგადოება, მათ შორის პოლიტილოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს არის მომიტინგეთა შფოთვის ძირითადი მიზეზი. სარგსიანის პრემიერად არჩევის შემთხვევაში, ის ამ პოსტზე 2022 წლამდე დარჩება.
მომიტინგეებმა შემდეგი მარში 9 აპრილს დაანონსეს.