ახალი ამბები

მაკა ჩიჩუა პრეზიდენტის ოფიციალურ ღონისძიებებს უცხოეთში უპრობლემოდ დაესწრება

8 ნოემბერი, 2013 • • 3247
მაკა ჩიჩუა პრეზიდენტის ოფიციალურ ღონისძიებებს უცხოეთში უპრობლემოდ დაესწრება

ამას მოწმობს ის პასუხები, რომელიც “ნეტგაზეთმა” საქართველოში მოქმედი რამდენიმე ქვეყნის საელჩოსაგან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მიიღო:

„შეერთებული შტატები მოუთმენლად ელოდება სქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას. თუ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ვაშინგტონში სტუმრობას გადაწყვეტს, შეერთებული შტატების მთავრობის პროტოკოლი მზად იქნება, გაითვალისწინოს პრეზიდენტის ნებისმიერი საჭიროება ვიზიტის წარმატებით ჩასატარებლად”, – აცხადებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში.

არაოფიციალური ქორწინება მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილს შესაბამისი ვიზიტის შემთხვევაში პრობლემას არც ნიდერლანდების სამეფოში შეუქმნის, ამას მოწმობს ამ ქვეყნის ელჩის, ჰანს ჰორბახის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწერილი ელექტრონული წერილი:

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნიდერლანდებში ვიზიტით მყოფ მაღალი რანგის სტუმრებს შეუძლიათ დაესწრონ ოფიციალურ ღონისძიებებს თავის პარტნიორებთან ერთად”, – ამბობს ელჩი.

საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სამოქალაქო ქორწინება და საკუთარი ოჯახი წარმატებული პოლიტიკური კარიერის შექმნისათვის ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა, თუმცა ამ სტერეოტიპს ეწინააღმდეგებიან ჰოლანდიის ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრი მარკ რიუტე და აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, რომლებიც არასდროს ყოფილან დაქორწინებულები და არც შვილები ჰყავთ.

 

მარკ რიუტე
მარკ რიუტე

 

ამასთანავე, არსებობს იმის პრეცედენტებიც, როდესაც ქორწინებაში არმყოფი პოლიტიკოსები სხვადასხვა სახის ღონისძიებებს თავის მეგობართან ერთად ესწრებიან. კონდოლიზა რაისი ამერიკის შეერთებული შტატების უახლეს ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად ითვლება. იგი საკუთარი პარტნიორის შესახებ საჯაროდ არასდროს საუბრობს, თუმცა ელიზაბეტ ბამილერი, რაისის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული წიგნის ავტორი ფიქრობს, რომ კონდი ამერიკული ფეხბურთის ყოფილ ვარსკვლავს, ჯინ ვაშინგტონს ხვდება. მეტიც, ჰაფინგტონ პოსტის ინფორმაციით, რაისი 2007 წელს თეთრ სახლში დედოფალ ელიზაბეტ მეორესთვის გამართულ სახელმწიფო სადილს სწორედ ვაშინგტონთან ერთად დაესწრო.

 

კონდოიზა რაისი
კონდოიზა რაისი

მარგველაშვილს და ჩიჩუას ვიზიტის შემთხვევაში და შესაბამისი პროგრამის არსებობის პირობებში, პრობლემა არც ბრიტანეთში შეექმნებათ. როგორც “ნეტგაზეთს” ბრიტანეთის საელჩოში განუცხადეს, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ადამიანების პირად ცხოვრებას ეხება, ისინი ამაზე კომენტარს არ გააკეთებენ. რაც შეეხება ვიზიტს, ყველა ვიზიტი ცალკე აღებული განიხილება, თუმცა ისინი მარგველაშვილისთვის რაიმე სახის პრობლემის პერსპექტივას ვერ ხედავენ.

მარგველაშვილი, მაკა ჩიჩუა, ივანიშვილი
მარგველაშვილი, მაკა ჩიჩუა, ივანიშვილი

საქართველოს მოქმედმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი შემცვლელის დასახელებისას განაცხადა, რომ ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შემდეგ პირველი ლედი სწორედ მისი მეუღლე – ნუნუ თამაზაშვილი იქნება, თუმცა იურისტების ნაწილის მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციით, სახელმწიფო მეთაური ისევ პრეზიდენტი იქნება და, შესაბამისად, პირველი ლედის სტატუსითაც გიორგი მარგველაშვილის მეგობარი – მაკა ჩიჩუა ისარგებლებს. პარლამენტის იუსრიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პირველი ლედის სტატუსი მოქმედებს საპრეზიდენტო მმართველობის დროს, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, ამ ქვეყანას პირველი ლედი არ ეყოლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი