ახალი ამბები

რატომ მისცეს ავტორიზაცია რუსულ “ენ ტე ვე პლუსს” – GNCC-ის პასუხი საიას

20 აპრილი, 2018 • 1811
რატომ მისცეს ავტორიზაცია რუსულ “ენ ტე ვე პლუსს” – GNCC-ის პასუხი საიას

კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ ეთანხმება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გამოთქმულ შეფასებას, რომ კომისიას რუსული სახელმწიფო კომპანია “ენ ტე ვე პლუსისთვის” ავტორიზაცია არ უნდა მინიჭებინა. თუმცა კომისიის განცხადების თანახმად, მათ “ენ ტე ვე პლუსს” 2016 წელს მიანიჭეს ავტორიზაცია, ამ დროს კი, “მაუწყებლობის შესახებ” კანონში უკვე იყო შესული ცვლილება. აღნიშნული კანონი კი კრძალავს ისეთი იურიდიული პირისთვის ავტორიზაცია/ლიცენზიის მინიჭებას,  რომლის ბენეფიციარი მესაკუთრეა უცხო ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ან პოლიტიკურ პარტიასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირია.

კომისიის განმარტებით, გამარტივებული სისტემის დანერგვის დღიდან, წლების გამავლობაში, კომისია მიიჩნევდა, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ჩანაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თაობაზე გულისხმობდა არა მხოლოდ საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერს, არამედ ნებისმიერი სახელმწიფოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერს.

აქედან გამომდინარე, კომისიის ცნობით, 2005 წლიდან 2016 წლის ჩათვლით არსებული პრაქტიკის შესაბამისად, კომისიამ 9 იურიდიული პირს მიანიჭა ავტორიზაცია, რომელიც არ ყოფილა რეგისტრირებული საქართველოში და კომისიაში წარდგენილი ჰქონდა სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კომისია აცხადებს, რომ ამავე პერიოდში უწყება რადიოსიხშირულ სპექტრს გასცემდა ისეთ კომპანიებზე,  რომლებიც სამეწარმეო სუბიექტებად რეგისტრირებული იყვნენ სხვა სახელმწიფოებში.

2015 წლიდან კომისიის ახალმა შემადგენლობამ, “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების გათვალისწინებით, 2015 წლიდან აკრძალა მაუწყებლობის სფეროში ისეთი პირის ლიცენზირება და ავტორიზაცია, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი. ამასთანავე, აიკრძალა მაუწყებლობის სფეროში ისეთი პირის ლიცენზირება და ავტორიზაცია, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი,  პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ცვლილება 2015 წელს შევიდა, თუმცა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, “ენ ტე ვე პლუსი“ 2016 წლიდან არის საქართველოში თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე ავტორიზებული პირი. რუსული სახელმწიფო კომპანია “ენ ტე ვე პლუსის” განცხადებით, საქართველოში შემოსვლა მათთვის არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი და მას “სოციალურ მისიადაც” განიხილავენ. ამასთან დაკავშირებით კომისია ამბობს, რომ კომისია არსებულ პრაქტიკას მყისიერად ვერ შეცვლიდა:

“კომისიის ახალმა შემადგენლობამ ასევე გადახედა ავტორიზაციის გაცემის 2005 -2016 წლების პრაქტიკას  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში. სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების განჭვრეტადობის უზრუნველყოფისა და კომისიის მიმართ რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული პირების მხრიდან ნდობის შენარჩუნების მიზნით, კომისია აქამდე არსებულ პრაქტიკას მყისიერად ვერ შეცვლიდა, ამიტომ პრაქტიკის შეცვლა ეტაპობრივად ხორციელდება”, – ნათქვამია განცხადების ტექსტში.

“ენ ტე ვე პლუსი” ჰოლდინგ “მედია მოსტის” ნაწილია. აღნიშნული ჰოლდინგი 2000 წლამდე რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა 2001 წლიდან მას სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედია” ფლობს და პროსახელისუფლებო პოლიტიკას ატარებს. კომპანიის პარტნიორი საქართველოში “მედია ჯგუფია”. აღნიშნული კომპანია საქართველოში 2017 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა და მის 50%-ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%-ს კი –  გულნარა ხეჩოშვილი. დავით ნაკაშიძე 2018 წლის თებერვლამდე “სილქნეტის” კუთვნილი შპს “ვაიმაქს ჯორჯიას” დირექტორი იყო. ნეტგაზეთმა არაერთგზის სცადა, “მედია ჯგუფისა” და “გაზპრომ მედიისგან” მოეპოვებინა პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე, თუმცა უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი