ახალი ამბები

საიას შეფასებით, GNCC-ში ნტვ-პლუსს ავტორიზაცია ვერ უნდა გაევლო

16 აპრილი, 2018 • 1868
საიას შეფასებით, GNCC-ში ნტვ-პლუსს ავტორიზაცია ვერ უნდა გაევლო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ იყო უფლებამოსილი, 2016 წელს „ნტვ-პლუსისთვის” ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა მიეცა. ამის შესახებ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, „ნტვ პლუსი“ 2016 წლიდან საქართველოში თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე ავტორიზებული პირია. ,,ნტვ პლუსის” განცხადებით, საქართველოში შემოსვლა არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი და მას ,,სოციალურ მისიადაც” განიხილავენ.

აღნიშნული კომპანიის ავტორიზაციის გავლასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ,,კომისიაში დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, პროცედურულად, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივი ავტორიზაციის საშუალებით ავსებდა დეკლარაციას, მათ შორის უცხოური კომპანიის წარმომადგენელი,  და თუ ის კანონით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს წარადგენდა,  ავტომატურად იღებდა ავტორიზაციას. კომისიამ ეს მიდგომა შეცვალა და დღეს უკვე  უცხოურ კომპანიას მხოლოდ ავტორიზაციის საფუძველზე არ შეუძლია საქმიანობის დაწყება. იმისთვის, რომ  კომპანია  ქართულ ბაზარზე შემოვიდეს  მან სამეწარმეო რეესტრში უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა  კი წარმოადგინოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.”

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ავტორიზაციის მსურველი იურიდიული პირის მიერ დეკლარაციაში  სხვა ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები და თან უნდა ერთვოდეს აღნიშნული რეესტრიდან  ამონაწერი.

,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად კი, საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ამდენად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის მსურველი პირიც რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში. შესაბამისად, კომისია არ იყო უფლებამოსილი, „ნტვ-პლუსისთვის”  ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობა მიეცა.

არასწორია ის განაცხადიც, რომ კომისიამ შეცვალა პრაქტიკა ამ საკითხთან მიმართებაში და დღეს აქედან გამომდინარეა საჭირო ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 2016 წელსაც და დღესაც კანონმდებლობა ავტორიზაციის გასავლელად ცალსახად  ითხოვს იურიდიული პირების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციას. კანონის მოთხოვნებს კი კომისია საკუთარი პრაქტიკით ვერ შეცვლის.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომისია  „ნტვ-პლუსს“  მიმართავს  წერილით კომისიაში წარმოდგენილ დეკლარაციაზე საქართველოს  მეწარმეთა და არასამეწარმეო  იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის დართვასთან დაკავშირებით, დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა კი გამოიწვევს  ავტორიზაციის შეჩერებას.

დღეს არსებული მდგომარეობით, დამატებითი ინფორმაციის წარდგენის დავალება – კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გავლა და შემდგომ ამონაწერის კომისიაში წარდგენა, სამართლებრივ პრობლემას ვერ აღმოფხვრის, ვინაიდან რეესტრში რეგისტრაცია წარმოშობს ახალ სუბიექტს, რომელიც ვერ იქნება დღეს თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე ავტორიზებული პირი – ,,ნტვ-პლუსი”.

საია მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, შეუჩეროს ავტორიზაცია თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურებაზე საქართველოში ავტორიზებულ „ნტვ-პლუსს“ და მიმართვის შემთხვევაში თავიდან იმსჯელოს ახალი – საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტის ავტორიზაციის საკითხზე”, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ნეტგაზეთს წერილობით აცნობა, რომ მათ რუსული სახელმწიფო კომპანია “ენ ტე ვე პლუსისგან” დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვეს და თუ მას ვერ წარმოადგენენ, ის საქართველოში მუშაობის უფლებას დაკარგავს. “ენ ტე ვე პლუსი” სატელიტური ტელეოპერატორია. ის ქართველი მომხმარებლისთვის სატელევიზიო პაკეტების შეთავაზებას აპირებს, რომელთა დიდი ნაწილი პროპაგანდისტული რუსული ტელეარხია.

2016 წელს  “ენ ტე ვე პლუსმა”საქართველოში ავტორიზაცია გაიარა და თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების გაწევის უფლება მიიღო. თავად კომპანიამ 2018 წლის 10 აპრილს თქვა, რომ ისინი საქართველოში შესვლისა და “გეოგრაფიული ექსპანსიისთვის” ემზადებიან. “ენ ტე ვე პლუსის” განცხადებით, საქართველოში შემოსვლა არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი და მას “სოციალურ მისიადაც” განიხილავენ.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ (GNCC) ნეტგაზეთს განუცხადა, უწყებაში დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, პროცედურულად, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივი ავტორიზაციის საშუალებით ავსებდა დეკლარაციას, მათ შორის უცხოური კომპანიის წარმომადგენელი,  და თუ ის კანონით გათვალისწინებულ ყველა დოკუმენტს წარადგენდა, ავტომატურად იღებდა ავტორიზაციას. GNCC-ის თქმით, “ენ ტე ვე პლუსმა” სწორედ ამგვარად მიიღო საქართველოში მუშაობის უფლება, თუმცა ვითარება ამ დროისათვის შეცვლილია.

“კომისიამ ეს მიდგომა შეცვალა და დღეს უკვე  უცხოურ კომპანიას მხოლოდ ავტორიზაციის საფუძველზე არ შეუძლია საქმიანობის დაწყება იმისთვის, რომ  კომპანია  ქართულ ბაზარზე შემოვიდეს, მან სამეწარმეო რეესტრში უნდა გაიაროს რეგისტრაცია, რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა  კი წარმოადგინოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში”, – ნათქვამია ნეტგაზეთისთვის GNCC-ის მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

უწყებისვე განმარტებით, თუ “ენ ტე ვე პლუსმა” საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა ვერ წარმოადგინა, მას ავტორიზაცია შეუჩერდება. აღნიშნული ნიშავს, რომ ის საქართველოში მუშაობას ვერ შეძლებს. GNCC-ის განმარტებით, მათ იგივე მოთხოვნა წაუყენეს კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სხვა უცხოურ კომპანიასაც (ამ კომპანიას “ენ ტე ვე პლუსთან” კავშირი არ აქვს).

თუმცა თავად რუსული სატელიტური ტელეოპერატორი ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე მათი შესვლა გადაწყვეტილია. კომპანიის თქმით, მათი პარტნიორი “მედია ჯგუფია”. აღნიშნული კომპანია საქართველოში 2017 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა და მის 50%-ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%-ს კი –  გულნარა ხეჩოშვილი. დავით ნაკაშიძე 2018 წლის თებერვლამდე “სილქნეტის” კუთვნილი შპს “ვაიმაქს ჯორჯიას” დირექტორი იყო.

“ენ ტე ვე პლუსი” ჰოლდინგ “მედია მოსტის” ნაწილია. აღნიშნული ჰოლდინგი 2000 წლამდე რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა 2001 წლიდან მას სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედია” ფლობს და პროსახელისუფლებო პოლიტიკას ატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი