პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი ჩაატარებს საკომიტეტო მოკვლევას თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ – ამის შესახებ 18 აპრილს პრესკონფერენცია ჩაატარეს ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.
მათი განცხადებით, პარლამენტის პრაქტიკაში ეს პირველი საკომიტეტო მოკვლევა იქნება.
ჩუგოშვილის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების საკითხი საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური თემაა, განსაკუთრებით კი, თბილისის მოსახლეობისთვის, სადაც, საერთაშორისო შეფასებებით, საკმაოდ ცუდი მაჩვენებლებია, რაც შემდეგ უკვე ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობაზე აისახება.
კახა კუჭავამ კი აღნიშნა, რომ კომიტეტის მიერ წინასწარ მომზადებული ყველა ინფორმაცია ხვალიდან ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის.
კახაბერ კუჭავას ინფორმაციით, მისი განკარგულებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც 15 წევრი შევა. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, გიორგი ხატიძე, ლევან კობერიძე, დავით სონღულაშვილი, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე, გია გაჩეჩელაძე, გუგული მაღრაძე, ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, თინათინ ბოკუჩავა და ემზარ კვიციანი.
კახაბერ კუჭავას განმარტებით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, კომიტეტის წევრები გაეცნობიან ყველა დაინტერესებული მხარის მიერ წერილობითი ფორმით მოწოდებულ დადასტურებულ პოზიციას. მისივე თქმით, დადასტურებული პოზიცია გულისხმობს წინასწარ განსაზღვრული ტექნიკური პირობების დაცვით (TOR), წერილობითი ფორმით, მტკიცებულებებით და ფაქტებით გამყარებულ დოკუმენტს, სადაც იქნება მოყვანილი ის გარემოებები, რომლებიც უშუალო ზეგავლენას ახდენენ ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე ჩვენს დედაქალაქში.
პოზიციების მიღება დაიწყება 19.04.2018-დან 01.06.2018-მდე, ხოლო მიღებული დოკუმენტების დამუშავების ვადები მასალების მოცულობიდან გამომდინარე განისაზღვრება. აღნიშნული ვადების შესახებ კომიტეტი ეტაპობრივად აცნობებს საზოგადოებას.
პარლამეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წერილობითი ფორმით დადასტურებული პოზიციები პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ვებ-გვერდზე გასაჯაროვდება.
“დადასტურებული პოზიციების მიღების შემდეგ, კომიტეტის სამუშაო ჯგუფი შეისწავლის მიღებულ ინფორმაციებს, გამოავლენს იმ პირებს, რომლებიც შემდგომში მოწვეულნი იქნებიან სამუშაო ჯგუფში, ზეპირი მოსმენის ეტაპზე, და წარმოადგენენ თავიანთ დადასტურებულ პოზიციებს მომხსენებლის სტატუსით.
წერილობითი და ზეპირი დადასტურებული პოზიციების გაცნობისა და მოკვლეული საკითხების შეჯამების შემდეგ კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრები მოისმენენ განმარტებებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იმსჯელებენ საკითხის გადაჭრის გზებზე. ზეპირი მოსმენა წარიმართება სამუშაო ჯგუფის წევრებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.
საკომიტეტო მოკვლევის ბოლო ეტაპზე სამუშაო ჯგუფი მოამზადებს შემაჯამებელ ანგარიშს. მოკვლევის შემაჯამებელ ანგარიშში აისახება კომიტეტის სამუშაო ჯგუფის დასკვნები და რეკომენდაციები.
ანგარიში წარედგინება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს შემდგომში განსახილველად. კომიტეტის დასკვნა წარედგინება საქართველოს პარლამენტს და ასევე გამოქვეყნდება საჯაროდ.
საკომიტეტო მოკვლევის შედეგად:
- კომიტეტი შეიმუშავებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას;
- კომიტეტი აღმასრულებელ უწყებებს წარუდგენს ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს ქ. თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
- ინსტრუქციების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი საპარლამენტო კონტროლი,”- ვკითხულობთ პარლამენტის ვებ-გვერდზე.
კახა კუჭავამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ პოზიციების წარმოდგენისას იაქტიურონ.