ახალი ამბები

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის

5 ნოემბერი, 2013 • • 1201
“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის

ალექსანდრე ქანთარია, თამარ კორძაია, ანი მიროტაძე, ზურაბ ტყემალაძე, ნინო გოგუაძე, ელისო ჩაფიძე და თემურ ჭკუასელი პარლამენტს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართავენ. 

 

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კრიზისული მდგომარეობაა შექმნილი. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების მიზანი სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობის შემჭიდროვებულ ვადებში დაკომპლექტებაა, რათა მაუწყებლის ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება გახდეს შესაძლებელი.  

 

გარდა ამისა, ავტორების აზრით, დაკონკრეტებას და შეცვლას საჭიროებს მეურვეთა შერჩევის პროცედურა და კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმები. 

 

კანონპროექტის მიხედვით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება დაიწყება პარლამენტის მიერ საბჭოს წევრთა სულ ცოტა 7 წევრის არჩევისთანავე. გარდა ამისა, იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა კანდიდატურების პარლამენტისათვის წარდგენის წესი და ვადა, კონკურსის გამოცხადების წესი და შერჩეული კანდიდატის პარლამენტისათვის წარდგენის ვადა.

 

ცვლილების მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით. ხოლო მეურვის უფლებამოსილების გასვლამდე 30 დღით ადრე, ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების შესახებ.

 

ხოლო ბრძანების გამოცემიდან არაუგვიანეს 10 დღეში საქართველოს პარლამენტის დადგენილებით იქმნება 9 წევრისგან შემდგარი საკონკურსო კომისია. პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობასთან, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს.

 

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციის შეფასების კრიტერიუმები.

 

პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას.  საკონკურსო კომისია ვალდებულია ასევე უზრუნველყოს შერჩეული კანდიდატების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების  საჯარო განხილვა. კანდიდატი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომელიც გაიმართება საქართველოს პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთეროთ.

 

კკანონპროექტის მიხედვით, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან ორს – საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები), სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

 

კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 დღის ვადაში. კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო მეორე ეტაპზე კანდიდატები შეიარჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად. 

 

თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისთვის ხელახალი კონკურსი გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი