“რესპუბლიკური პარტია ჩემთვის სამაგალითოა საქართველოში, შემთხვევითი არ იყო, რომ პირველად ისინი დავასახელე, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი. თქვენ ამას იმსახურებდით, თქვენ ხართ ჩემთვის ყველაზე თანმიმდევრული, ყველაზე ბრძენი პარტია. 35 წელი ისტორიისთვის არ არის ბევრი, მაგრამ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს ძალიან ხანგრძლივი დროა. გყავთ ძალიან ბევრი ვარსკვლავი, ძალიან სტაბილური პარტიაა და მისასალმებელია, რომ ოთხივე თავმჯდომარე აქ ესწრება. მართლაც ყველაზე წარმატებული პარტიაა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ხანგრძლივი მოღავწეობისთვის, რაც თქვენ მოახერხეთ და მოუტანეთ ჩვენს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით იმ დემოკრატიულ გარდაქმნებში, იმ მიღწევებში, რაც ჩვენ ბოლო წლებში მოვახერხეთ, საქართველოში არ არსებობს თქვენზე ხანგრძლივი და თანმიმდევრული პარტია და ეს ჩემთვის ძალიან სამაგალითოა”,– განაცხადა ივანიშვილმა.
ყრილობა “ექსპოჯორჯიაში” მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელზეც პარტიის მმართველი ორგანოს 35 წევრს და პარტიის თავმჯდომარეს 2000-მდე დელეგატი ფარული კენჭისყრით აირჩევს. ხმის მიცემის პროცესში გამოყენებული იქნება ხმის ელექტრონული დათვლის მანქანები.
ამჟამად პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია.