ახალი ამბები

ჩუგოშვილი უმრავლესობაში დაპირისპირებაზე: ყველა კოლეგასთან კარგი ურთიერთობა მაქვს

16 აპრილი, 2018 •
ჩუგოშვილი უმრავლესობაში დაპირისპირებაზე: ყველა კოლეგასთან კარგი ურთიერთობა მაქვს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ყველა კოლეგასთან კარგი ურთიერთიობა აქვს და სწორი არ არის დაჯგუფებებზე საუბარი.

ამის შესახებ მან პატლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბოლო დღეების განმავლობაში ჩემი გვარი არაერთხელ მოვისმინე ეთერით, თუ ამოვიკითხე გაზეთში, სრულიად გაუგებარ კონტექსტში… მიკუთვნებული ვარ ხოლმე, ასე ვთქვათ, რაღაც ჯგუფებს, ჩემთვისაც სიურპრიზი არის ამ ფორმით ინფორმაციის მოსმენა. ყველა კოლეგას ვცემ ძალიან დიდ პატივს, მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ყველა მათგანთან და არა მგონია, სწორი იყოს ასეთი ტიპის დაჯგუფებებზე საუბარი,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოება დააბნია იმან, რომ უმრავლესობის შიდა საუბრები საჯარო სივრცეში გადავიდა:

“უკეთესი იქნებოდა, რომ შიგნით მომხდარიყო ამ ყველაფრის განხილვა. საზოგადოება ცოტა დავაბნიეთ, ჩემო აზრით, იმით, რომ საჯარო სივრცეში გადავიდა ჩვენი შიდა ოპერირების  და მუშაობის თემებზე საუბარი. ალბათ ცოტა დავაბნიეთ საზოგადოება და ამის აცილება თავიდან შეიძლებოდა. თუმცა მგონია, რომ შეიძლება მხოლოდ ჯანსაღი პროცესისთვის  იქნას ეს ყველაფერი გამოყენებული,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპუტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.

11 აპრილს ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელშიც, სავარაუდოდ, შედიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია.

გედევან ფოფხაძემ 13 აპრილს განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდიდან წასვლა-არწასვლის შესახებ უმრავლესობის სხდომის გამართვის შემდეგ მიიღებს.

16 აპრილს დეპუტატმა დავით ჭიჭნაძემ დაადასტურა, რომ უმრავლესობის საერთო “ჩატში” მართლაც გაუგზავნა პრემიერის მიერ პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც, კვირიკაშვილი კობახიძეს საყვედურობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი