ახალი ამბები

ბორჯომში ჩაშლილი ლექცია პარლამენტთან ჩატარდა

17 ივნისი, 2023 • 1232
ბორჯომში ჩაშლილი ლექცია პარლამენტთან ჩატარდა

ძალადობრივი ჯგუფების მიერ ბორჯომში ბანაკის ჩაშლის შემდეგ, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტისა” და „გირჩი-მეტი თავისუფლების” მიერ ორგანიზებულ „ლიბერალური აკადემიის“ საჯარო ლექცია თბილისში, პარლამენტის წინ გაიმართა.

„ლიბერალური აკადემიის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დასამალი არაფერი აქვთ და ხელისუფლების მიერ მართული ძალადობრივი ჯგუფების მუქარით თავისუფალი აზრის გამოხატვაზე უარს არ იტყვიან.

„დღევანდელი აქცია არის პროტოტიპი იმისა, რასაც ჩვენ ბანაკში ვაკეთებთ — რომ იქ არაფერი სასწაული არ ხდება. არავის არაფერი გვაქვს დასამალი და გამოვაჩენთ, რომ ქვით იდეას ვერ დაამარცხებ“, — განაცხადა „გირჩი — მეტი თავისუფლების“ წევრმა ცოტნე კობერიძემ.

დღეს, 17 ივნისს, „ლიბერალურ აკადემიაში“ ზურაბ ჯაფარიძის ლექცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ბორჯომში ჩასვლა ვერ შეძლო, რადგან გორის „სმარტთან” თავს დაესხნენ. მოგვიანებით, ძალადობრივი ჯგუფები მიცვივდნენ ლიბერალური აკადემიის ბანაკშიც.

„ისინი გვესროდნენ კვერცხებს, საღებავებს, ქვებს. „ორკებს“ თან ახლდათ, ვატო შაქარიშვილი, ხელისუფლების სატელიტი, „პოსტივისთან“ ერთად ხელმძღვანელობდა ამ ძალადობრივ ჯგუფებს და აძლევდა მითითებას. სიტუაცია იყო ძალიან რთული. დამიზნებით ისროდნენ ქვებს, იყო სიტყვიერი შეძახილები და შეურაცხყოფა. არაერთი ზარის მიუხედავად, საპატრულო პოლიციას დროული რეაგირება არ მოუხდენია. დაახლოებით 50 წუთის შემდეგ გამოჩნდნენ. ჩვენ იძულებული გავხდით, დაგვეტოვებინა ტერიტორია, რადგან წასვლისას დაგვემუქრნენ, რომ სჯობდა, არ დავრჩენილიყავით, რადგან ღამე დაბრუნდებოდნენ“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ „ლიბერალური აკადემიის“ ერთ-ერთმა მსმენელმა გიორგი გოგნიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე, რომელიც პარლამენტთან მივიდა, დარწმუნებულია, რომ 17 ივნისის თავდასხმების, ისევე როგორც ვატო შაქარიშვილის მიერ ახალდაფუძნებული კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ უკან ხელისუფლება დგას.

„ყველას აქვს უფლება, რა მოძრაობაც უნდა, ის დააფუძნოს და პოლიტიკური აქტივობა განახორციელოს, მათ შორის ხელისუფლების მხარდაჭერითაც. ამაში კრიმინალი არ არის. მაგრამ საგანგაშოა, როცა ასეთი ჯგუფები მერე გადადიან ძალადობაზე და ეს ძალადობა ლეგიტიმირებულია ხელისუფლების მხრიდან. თორემ მე თვითონ კონსერვატიული შეხედულებების ადამიანი ვარ და აბსოლუტურად არ მაქვს პრობლემა იმ ადამიანებთან, რომლებიც ტრადიციულ ღირებულებებს მხარს უჭერენ. უბრალოდ მე ნამდვილად არ მჯერა, რომ ქრისტესთვის სათნო საქმეა ქვების სროლა განსხვავებული შეხედულების ადამიანებისთვის. ძალადობა არის ბოროტება და როცა კონსერვატიზმის სახელით, ტრადიციული ღირებულებების სახელით ვინმე ძალადობას ჩადის, ის უბრალოდ სპეკულირებს ამ ღირებულებებით და არაფერი საერთო ამ ღირებულებებთან არ აქვთ“, — განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი „პროექტებს“, ფოფხაძის აზრით, უფრო კომერციული ხასიათი აქვს, ვიდრე პოლიტიკური და იდეოლოგიური.

„რა თქმა უნდა, ამის უკან სუსი დგას. ერთი წუთითაც არავინ უნდა დაუშვას, რომ ვიღაცები მიდიან სასტუმროში დაბანაკებული ადამიანების დასარბევად და მათ აქვთ იმის განცდა, რომ ამის გამო კანონიერ, სამართლიან პასუხს მიიღებენ. დაუსჯელობის განცდა რომ არ ჰქონდეთ, ვერ გაბედავდნენ, რომ იძალადონ განსხვავებული შეხედულებების ადამიანებზე. ეს გაგრძელებაა 5 ივლისის და ძალიან ბევრი ძალადობრივი ფაქტის, რომელიც საქართველოში ხდება. ეს არის, ხელისუფლების ალბათ ყველაზე უფრო ბოროტი ჩანაფიქრი, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააჯახონ და ამ დაპირისპირების ფონზე შეინარჩუნონ ხელისუფლება. ეს არის ბოროტება“, — დასძინა გედევან ფოფხაძემ.

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებული არ არის. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბანაკზე თავდასხმის ფაქტზე კი შსს-მ გამოძიება სხვისი ქონების განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი