სოსო სტურუა, აჭარის ტელევიზიის დირექტორი „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ ნამდვილად შესთავაზა ირინა ყურუას აჭარის რადიოში გადასვლა. თუ რატომ, სოსო სტურუა ამბობს, რომ ამ კითხვას მას შემდეგ უპასუხებს, როცა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურში, ირინა ყურუას ინფორმაციით, სულ ორი პროდიუსერი მუშაობს. საინფორმაციო სამსახური, ფაქტობრივად, არ არსებობს. ისინი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აკოპირებენ და ათავსებენ ეთერში. „ეს ჩემთვის ბუტაფორიული შემოთავაზებაა, ამიტომ მე ამ გარიგების ნაწილი ვერ ვიქნები. ამის შესახებ სოსო სტურუას ღიად ვუთხარი“, – ამბობს ირინა ყურუა.
სოსო სტურუას აზრით, მას კანონი აძლევს იმის საშუალებას, რომ თანამშრომელი ერთი პოზიციიდან მეორეზე გადაიყვანოს. „წინა სამსახურისგან განსხვავებულ უნარ-ჩვევეს თუ მოვითხოვ, ამ შემთხვევაში მჭირდება თანხმობა, თორემ ჟურნალისტი თუ ჟურნალისტად გადამყავს, ამას თანხმობა არ უნდა“.
რას გადაწყვეტს ტელევიზიის დირექტორი იმ შემთხვევაში, თუ ირინა ყურუა რადიოში გადასვლას არ დათანხმდა და ამის საფუძველზე ტელევიზიიდან წავა.
„მე შევეცდები არ წავიდეს და თუ მაინცა და მაინც წასვლა გადაწყვიტა… მოველაპარაკები მას, რომ უფრო კარგი პირობები შევთავაზო, რომ არ წავიდეს და უფრო მეტად გამოამჟღავნოს თავისი პროფესიული უნარები, თუ კი ჩემ შეთავაზებულ პოზიციაზე ვერ გააკეთებს ამას. ყველაფერს ვიზამ რომ არ წავიდეს“.
ირინა ყურუა ეჭვობს, რომ მისი გადაყვანის იდეა მხოლოდ სოსო სტურუას „თვითშემოქმედება“ არ არის, მაგრამ არ აქვს მტკიცებულება, რითაც დაადასტურებს, რომ ტელევიზიის დირექტორმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკოსების მოთხოვნით მიიღო.
„გუშინ საღამოს დაიწყო ეს ყველაფერი – მითხრა, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა ორი თვით გადამიყვანოს რადიოში. როცა ვკითხე, რატომ? – მითხრა, რომ საინფორმაციოში ყველა კონკურსგავლილი ჰყავს ჩემს გარდა. ავუხსენი, რომ, როდესაც გამოცხადდება კონკურსი ამ პოზიციაზე, ისე როგორც სხვები, მეც გავალ და ეს არგუმენტად არ მიმაჩნია-მეთქი. ამიხსნა, რომ როცა საკონკურსო კომისიის წინაშე წარსდგებოდა, მას ექნებოდა სათქმელი, სანიფორმაციო კონკურსგავლილი ადამიანებისგან რომ აქვს დაკომპლექტებული და ეს მისთვის პლიუსი იქნებოდა. ამ ვარაუდის გამოთქმის შემდეგ მე ვკითხე, ტელევიზიიდან ჩემი გაშვებით გარანტიას იღებ, რომ კონკურსს წარმატებით გაივილი და იქნები ტელევიზიის დირექტორი-მეთქი. ზუსტი ფორმულირება არ ყოფილა, მაგრამ ასე თქვა, კი, მე სათქმელი მექნებაო. ეს ჩემთვის უსუსური არგუმენტია. არ მაქვს პასუხი, რატომ მთავაზობს ტელევიზიდან წასვლას“.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, აჭარის ტელევიზიამ თავისი არსებობის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში, წელს პირველად მოახერხა ახალი ამბების დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გაშუქება. აქამდე ეს ტელევიზიას აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება იყო და სულ ცოტა ხნის წინ გადაიქცა საზოგადოებრივ მაუწყებლად. ტელევიზიაში ამ ეტაპზე კონკურსის წესით შერჩეული ჟურნალისტები მუშაობენ.
მას შემდეგ, რაც უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრს აირჩევს, ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადდება კონკურსი. (საბჭოს 5 წევრიდან სამი უკვე არჩეულია. უმაღლეს საბჭოს უმრავლესობამ, კანონის იგნორირებით, უმცირესობის კვოტაზეც თავისი კანდიდატურები წარადგინა. შესაბამისად, მალე აჭარის ტელევიზიას ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა დაკომპლექტებს). კანონის მიხედვით კი, ტელევიზიის დირექტორი აჭარის ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
აჭარის ტელევიზიის მოქმედი დირექტორი, სოსო სტურუა აპირებს იბრძოლოს თავისი თანამდებობის შესანარჩუნებლად. თუმცა ის ამბობს, რომ ტელევიზიის დირექტორად ყოფნა მისთვის, როგორც ხელოვანის, ჟურნალისტისა და რეჟისორისთვის არ არის დაწინაურება და შემოსავალიც სხვაგან მუშაობის დროს უფრო მეტი ჰქონდა. „აქ მუშაობას იმიტომ დავთანხმდი, რომ საქმე ვაკეთო და არა ტელევიზიის გარედან ვიღაცის კაპრიზები შევასრულო“.
აჭარის ტელევიზის ჟურნალისტებმა „პრესკაფეში“ განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირინა ყურუას ჩამოაცილებენ საინფორმაციო სამსახურს, ახალი ამბებისა და ტოქ შოუების პროდიუსერები და ჟურნალისტები მუშაობას გააჩერებს.
აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურში, სადაც ტელევიზიის დირექტორი ირინა ყურუას სთავაზობდა პროდიუსერად გადასვლას, ამ დროისათვის ერთი ჟურნალისტი, ორი პროდიუსერი და ერთი მთავარი პროდიუსერი მუშაობს – ამის შესახებ პრესკაფეში გამართულ შეხვედრაზე აჭარის რადიოს თანამშრომლებმა აღნიშნეს.
2005 წლის მარტში, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების მიერ გამართული საპროტესტო აქცია იყო ერთ-ერთი პირველი ღია ნიშანი იმის, რომ ხელისუფლება ტელევიზიის გაკონტროლებას იწყებდა. მაშინ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა თქვეს, რომ დირექტორი – ზაზა ხალვაში ტელევიზიაში ცენზურის დაწესებას ცდილობდა. აქციების შედეგად ტელევიზია დატოვა როგორც ზაზა ხალვაშმა, ისე საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნატა იმედაიშვილმა. მაშინ ცენზურის შესახებ სწორედ ამ უკანასკნელმა ისაუბრა.
2013 წლის 18 ოქტომბერს ზაზა ხალვაში და ნატა იმედაიშვილი უმაღლესმა საბჭომ ტელევიზიის სამეთავლყურეო საბჭოში აირჩია.