ახალი ამბები

იურიდიულმა კომიტეტმა პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას მხარი დაუჭირა

31 ოქტომბერი, 2013 • • 1518
იურიდიულმა კომიტეტმა პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის 80 წევრის მიერ ინიცირებული კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი განიხილა. ცვლილებები კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერის ამოღებას ეხება, რომელიც პარლამენტის შეკრებას მხოლოდ ქუთაისში ხდის დასაშვებს. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, ის საკონსტიტუციო ცვლილებეის კვორუმს შეეხება.

 

“ჩვენ განვიხილეთ ორი კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა. პირველი ეხება კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღებას, რომლითაც განსაზღვრულია პარლამენტის ადგილსამყოფელი და განსაზღვრულია ამ ადგილად ქუთაისი, თუმცა ერთი წლით ადრე ასეთ ადგიელებად განსაზღვრული იყო თბილისი და ქუთაისი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კონსტიტუციით არ უნდა განისაზღვროს და ეს უნდა გადაწყვიტოს რეგლამენტმა და პარლამენტმა,” განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ.

 

რაც შეეხება კვორუმის საკითხს, ხმალაძის თქმით, პარლამენტში თავდაპრიველად წარმოდგენილი პროექტი შეიცვალა:

 

“ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც საყოველთაო სახალხო განხილვის, ასევე ვენეციის კომისიის მოსაზრებები ცვლილებების პროცედურასთან დაკავშირებით და პარლამენტს წარვუდგენთ კანონპროექტის სახეცვლილ ვარიანტს. ეს ვარიანტი ითვალისწინებს იმ მექანიზმის დაბრუნებას, რომელიც პარლამენტმა 2010 წლის ოქტომბერში მიიღო. ეს მექანიზმი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისთვის ითვალისწინებს კენჭისყრას ორ თანამიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა 3-თვიანი ინტერვალით და ხმათა 2/3-ის გადაწყვეტილებით, ნაცვლად 3/4-ისა. შესაბამისად, კონსტიტუციურ კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების შემთხვევაში ვეტოს დაძლევა მოხდება აქაც 2/3-ით და არა 3/4-ით.”

 

უყრიან თუ არა კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებებს ხვალინდელ სასესიო სხდომაზე, ეს ხვალ დილითვე ბიუროს სხდომაზე გადაწყდება. 

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ უნდა ამოქმედდეს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმების 2/3-ის ნაცვლად 3/4 იქნება საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობას ინაუგურაციამდე კონსტიტუციიდან ამ ნორმის ამოღება სურს, თუმცა მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გააჩნიათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი