ახალი ამბები

კანონპროექტი ბუნებრივი ძეგლების დასაცავად

31 ოქტომბერი, 2013 • • 1350
კანონპროექტი ბუნებრივი ძეგლების დასაცავად

წარმოდგენილი კანონპროექტი არეგულირებს ბუნების ძეგლების შექმნასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს და მისი მიღების მიზეზი უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის უნიკალური, იშვიათი ბუნებრივი წარმონაქმნების და კულტურული არეალების მქონე ტერიტორიების დაცვა და აღდგენაა, შემდგომში მათი სამეცნიერო, ტურისტული და რეკრეციული მიზნით გამოყენებისთვის.

 

კანონპროექტის მიღების მიზანია უზრუნველყოს ბუნების ძეგლების კატეგორიის დაცული ტერიტორიების შექმნა და მათზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის შესაბამისი კატეგორიის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება.

 

კანონის მესამე მუხლით განსაზღვრულია შემდეგი ბუნების ძეგლების ჩამოყალიბება: ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი, ონიორეს ჩანჩქერის და ტობა პირველის მღვიმის ბუნების ძეგლი, ტობის ჩანჩქერის და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლი, მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი, ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი, ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ნაზოდელაოს მღვიმის ბუნების ძეგლი, მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი, გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი, დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი, სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი, მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი, ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი და ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი.


ბუნების ძეგლების მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

ეს კანონი არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებზე, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე და საქართველოს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და  ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. 


“ძალიან ბევრმა გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტმა მიიღო ამ კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა. გახსოვთ თქვენ, ტრავერტინებს საფრთხე შეექმნა ყაზბეგის რაიონში და გამომდინარე აქედან, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი ბუნების ძეგლები დავიცვათ. ყაზბეგშიც იმიტომ მოხდა ის ფაქტი, რომ ბუნების ძეგლად არ იყო აღიარებული. სანქციები ამ კანონპროექტში არ არის, მაგრამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც შეიძლება დადგეს. გაჩნდება ძალიან ბევრი ბუნების ძეგლი და ახალი ტურისტული მარშრუტები,”- აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი