ახალი ამბები

“არა ხდეჰესს” – აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან [VIDEO]

30 ოქტომბერი, 2013 • • 1069
“არა ხდეჰესს” – აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან [VIDEO]

აქციის ორგანიზატორები იყვნენ “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი კავკასიაში”, ორგანიზაცია “სტეფანწმინდა” და სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტი”.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, სამინისტრომ 1 ნოემბრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ჰესის მშენებლობაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის თაობაზე, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს და პრემიერ–მინისტრის მხრიდან დადებითი დასკვნის გაკეთების მოთხოვნით გარემოს დაცვის სამინისტროზე ზეწოლა ხორციელდება.

“არც პრემიერი ივანიშვილი და არც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ასევე, სხვა ბევრი თანამდებობის პირი არ ერიდება პირდაპირ ჩარევას გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ ვითხოვთ, რომ ბუნების ძეგლზე, რომელსაც წარმოადგენს ხდის ხეობა, არ განხორციელდეს ჰესის მშენებლობა და ვითხოვთ, რომ მას დაუბრუნდეს ძეგლის სტატუსი, როგორც იყო საბჭოთა პერიოდში”, – აცხადებს გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი.

მისივე თქმით, ჰესის მშენებლობით დაინტერესებულია “ქართლი ოცნების” წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მამაც:

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მამა, ომარ ქუცნაშვილი ხდის ხეობის პროექტირებაში ჩართული ერთ–ერთი კომპანიის მესაკუთრეა და პირდაპირაა დაინტერესებული ამ პროექტის განხორციელებით. პროკურატურისგან მოვითხოვთ, ეს საკითხიც გამოიძიოს”, – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

სამინისტროს წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს დღეს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე გაესაუბრა. მისი თქმით, სამინისტროზე არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება და ყველა ქმედება კანონის ფარგლებში ხორციელდება:

“გარემოს დაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, ერთადერთი ინსტრუქტაჟი, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები ღებულობენ ჩვენგან, გარემოს დაცვის სამინისტროსგან, ეს არის, რომ დაწერონ ღრმა, დამოუკიდებელი, ობიექტური დასკვნა. არავინ არ ეუბნება მათ, რომ დაწერონ რაღაც, რაც ესიამოვნება რომელიმე სამინისტროს, ან არასამთავრობო სექტორს. მე აქციის მონაწილეებს ავუხსენი, რომ ნებისმიერი თემა, რომელიც გარემოს დაცვასთან არის კავშირში, ისევე გვაწუხებს ჩვენ, როგორც მათ და ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს დამატებით ის პასუხისმგებლობა, რაც გადაწყვეტილების მიღებას ახლავს თან. გარედან ადვილია თქმა, რომ ეს ასე არ გაკეთდეს, ჩვენ გვაქვს ათჯერ მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე გარედან ვინც უყურებს იმ ადამიანებს. ერთადერთი პირობა, რაც შეგვიძლია მივცეთ ხალხს, არის ის, რომ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ”, – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი