ახალი ამბებიეკონომიკა

მამუკა ბახტაძემ დღეს შეარბილა ბანკებისადმი პოზიცია

13 აპრილი, 2018 •
მამუკა ბახტაძემ დღეს შეარბილა ბანკებისადმი პოზიცია

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საბანკო სექტორს ქართული ეკონომიკის ყველაზე წარმატებულ მიმართულებად აფასებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რას გულისხმობს სასტარტო კაპიტალის უზრუნველყოფის რეფორმა და როგორია მისი მექანიზმები, დღეს, 13 აპრილს მინისტრმა განაცხადა, რომ ქართული საბანკო სექტორის წარმომადგენლები მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე არიან წარმოდგენილი, ეს კი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

“საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი სექტორია. ამ სექტორის წარმომადგენლები მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო: ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვა სექტორებში გვქონდეს სწრაფი ზრდა. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ პროექტები, იდეები ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება იმ მიზეზის გამო, რომ სასტარტო კაპიტალზე წვდომა გართულებულია,” – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალ ინიციატივაზე, “სასტარტო კაპიტალის უზრუნველყოფის რეფორმაზეც” ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმის მთავარი მიზანი კონკურენტუნარიანი პროექტების განხორციელებაა, რის შედეგადაც ეკონომიკა უნდა გაიზარდოს.

“სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობდეს არანაირი წინაღობა კონკურენტუნარიანი პროექტებისა და იდეების განხორციელებისათვის.  საბანკო სექტორთან ერთად შევიმუშავებთ ისეთ თამაშის წესებს, ფინანსურ მექანიზმებს, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე სტარტაპ ბიზნესის განვითათებას. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ ამოცანას, პირველ რიგში, ეს არის სიღარიბის დამარცხება. სიღარიბის დამარცხება გადის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებაზე  და მათ წახალისებაზე,” – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

გუშინ, 12 აპრილს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ  საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი არ უნდა იყოს და დღესდღეობით ბანკები არ ასრულებენ ეკონომიკის მამოძრავებლის ფუნქციას.

„მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას”, – “ინტერპრესნიუსის” ცნობით, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სასტარტო კაპიტალის უზრუნველყოფის რეფორმით მთავრობა გეგმავს დაეხმაროს იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთა იდეა კომერციული ბანკებს მოეწონებათ, თუმცა საკმარისი კაპიტალის [თანამონაწილეობის] არარსებობის გამო სესხის აღებას ვერ ახერხებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი