ახალი ამბებისამართალი

გოგა ონიანთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს

13 აპრილი, 2018 • 2280
გოგა ონიანთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს

“ქართული ოცნების” პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და მისი მომხრეების დევნაში მსჯავრდებულ გიორგი (გოგა) ონიანთან პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომის ის ნაწილი, სადაც საპროცესო შეთანხმების პირობებზე იყო საუბარი, დაიხურა.

გიორგი ონიანმა პროცესის დაწყებისას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. მსჯავრდებულმა განმარტა, რომ ისეთი ინფორმაციების გაჟღერებას აპირებს, რაც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.

სხდომის დაწყებამდე, სასამართლოში ჟურნალისტების გამოჩენამ, გიორგი ონიანის ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია, რომლებსაც პროცესის მედიით გაშუქება არ სურდათ. მსჯავრებულის ახლობლებმა ჯერ პროკურორებს დააბრალეს საპროცესო გარიგებაზე და სასამართლო პროცესის ჩანიშვნაზე ინფორმაციის გავრცელება, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ეკამათნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 7 ნომებერს, გიორგი ონიანი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების,  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქალაქო სასამართლოს განაჩენით ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

რას ედავებოდა ონიანს პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, კოალიცია  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, 2011 წლს 15 და 17 ოქტომბერს, ონიანის ორგანიზებით, იმ დროისთვის  პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადების მიზეზით შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი და აღნიშნული მაისურების საზოგადოებაში გამავრცელებელი ლ.მ. თბილისის შს სამმართველოს  გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს.

ბრალდების ინფორმაციით, ონიანმა  თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა, თითქოსდა შათირიშვილი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. პროკურატურის ცნობით, 2011 წლ 15 ოქტომბერს, ონიანის ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, დაკავებულ იქნა დავით შათირიშვილი.

“პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს, რა დროსაც მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა, თუმცა დავით შათირიშვილის მიმართ  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდების წარსადგენად მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გ.-მსაქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების დავით შათირიშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შედეგად, დავით შათირიშვილს წარედგინა ბრალდება ნარკოტიკულისაშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის,” – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდების ინფორმაციით, ოანიანმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო,  კიდევ ერთი პირის დევნა განახორციელა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავეს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლ.მ, რომელიც შპს „დაო-პრინტის“ მიერ დამზადებული  პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების საზოგადოებაში გავრცელებას ახდენდა.

პროკურატურის განცხადებით, გიორგი ონიანმა ანალოგიური გზით სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლევან მდინარაძისგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. როგორც პროკურატურა აცხადებს, აღნიშნულის შემდგომ ლევან მდინარაძის მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლის სამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გიორგი ონიანი (შუაში) და აკაკი მინაშვილი (მარჯვნივ). 11.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი