ახალი ამბები

რას შეცვლის თვითმმართველობის რეფორმა

30 ოქტომბერი, 2013 • • 1178
რას შეცვლის თვითმმართველობის რეფორმა

ბატონო დავით, რა იცვლება თვითმმართველობის ახალი რეფორმით?

 

ძირითადი თეზისები იმეორებს ძირეულ საფუძველში იმას, რაც არის სტრატეგიაში გაწერილი. დასახლებების დონეზე იხსნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებსაც ექნება უფლება განსაზღვროს პრიორიტეტები. თვითმმართველი ერთეულებიც და სახელმწიფოც მათ პრიორიტეტულობას აღიარებენ. ეს საკანონმდებლო მუხლებშიც გაწერილია. ამასთან, მუნიციპალურ დონეზე იზრდება თვითმმართველი ქალაქების რიცხვი. ანუ ქალაქებს, რომლებიც თავისთავად წარმოადგენდნენ მსხვილ დასახლებულ პუნქტებს, მაგრამ ურბანული განვითარების პერსპექტივა ნაკლებად ჰქონდათ, ახლა ექნებათ სწორედ ურბანულ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელების საშუალება, იმიტომ, რომ ისინი იქნებიან თვითმმართველი ერთეულები.

 

ასევე, პირდაპირი არჩევნებით იქნებიან არჩეული მერები და გამგებლები, მოსახლეობა მათ აირჩევს პირდაპირ. ანუ ყალიბდება პოლიტიკურ ძალთა ბალანსი. საკრებულოს ეზრდება კონტროლის უფლებამოსილებები, რომ არ მოხდეს მთლიანად აღმასრულებელი შტოს, გამგეობის, მერიის მიერ რაიმეს დამოუკიდებლად, საკრებულოს ნებართვის გარეშე წარმოება. სამაგიეროდ გამგებელი ხდება პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ანგარიშვალდებულია უშუალოდ მოსახლეობის წინაშე.

 

რეგიონებში იქმნება მაკოორდინირებელი სტრუქტურა, რომელშიც შევლენ რეგიონებში არსებული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც რეგიონული განვითარების სტრატეგიებს განიხილავენ და დაამტკიცებენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

 

ფინანსებს რაც შეეხება, ახლა დიდი ბრძოლა მიდის დარგობრივ სამინისტროებს შორის. იმიტომ, რომ აქ არის საუბარი ფინანსების პროცენტული მაჩვენებლის გაზრდაზე, იმაზე, რაც უნდა მიიღონ თვითმმართველობებმა, რეგიონებმა. საუბარი მიდის ზიარი გადასახადების კვლავ შემოღებაზე, როცა საშემოსავლოს, ან ვთქვათ, სხვა გადასახადის ნაწილი დარჩება თვითმმართველობას, იმ ფუნქციების განსახორციელებლად, რომელიც ექნება დელეგირებული. საუბარი მიდის იმაზე, რომ ქონების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოსაგვარებელია და 20 წლის მანძილზე გაჭიანურებული პროცესები სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ყველა ის ტერიტორია და ქონება, რომელიც არ არის სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის და ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, უნდა გადაეცეს თვითმმართველობებს.

 

დავით ლოსაბერიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება
დავით ლოსაბერიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება

ასევე იცვლება ზედამხედველობის პრინციპი, ცენტრალური ხელისუფლების სამართლებრივი ზედამხედველობა აღარ იქნება საქართველოს რეგიონებში. აღარ იქნება გუბერნატორების პირდაპირი კონტროლის მექანიზმი. ამ ეტაპზე სამინისტროებთან მიდის შეჯერება, სავარაუდოდ მთავრობის სხდომაზე იქნება გამოტანილი ეს საკითხი ოთხშაბათს. მთავრობის სხდომის ვიზირების შემდეგ, ბუნებრივია პარლამენტში საბოლოო ფორმით ჩამოყალიბებული წარუდგება საზოგადოებას შენიშვნების, კომენტარებისა და შესწორებებისათვის.

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში რა როგორ მოხდება?

 

თვითონ აჭარის სტატუსს ბუნებრივია ორგანული კანონი ვერ დაარეგულირებს. აჭარის სტატუსი რეგულირდება უფრო მაღალი კანონით, კონსტიტუციით. თუ ვთქვათ აჭარასთან დაკავშირებით არის გარკვეული ცვლილებები ან სურვილი ცვლილებისა, შეთავაზებები, ეს უნდა იყოს კონსტიტუციის სფერო. უშუალოდ თვითმმართველობას რაც შეეხება, თვითმმართველობები აჭარაში იმავე უფლებებით იქნებიან აღჭურვილნი, რა უფლებებითაც საქართველოს დანარჩენი მუნიციპალიტეტები. აქაც საუბარი არის უფლებამოსილებების და ფინანსური წყაროების გაზრდაზე.

 

სოფლის მცხოვრებლისთვის რით იქნება უკეთესი ახალი კანონი, როგორ აისახება თითოეულ მოქალაქეზე?

 

პირველ რიგში მუნიციპალიტეტები ტერიტორიული გადაჯგუფების შედეგად ცენტრებთან უფრო ახლოს იქნება. ვთქვათ, მე თუ ვარ ახალუბანში ან ჩაქვში, მექნება კიდევ ერთი მუნიციპალური ცენტრი, გარდა ქობულეთისა.

 

მეორე – საზოგადოებრივ საბჭოებს, რომლებიც სოფლებში დასახლებების დონეზე შეიქმნება, ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი პრიორიტეტი წარმოადგინონ. იგივე სოფლის დახმარების პროგრამის მსგავსი ან ანალოგიური პროგრამების გაზრდა-გაფართოებაზეა საუბარი, იმ მიმართულებით რა მიმართულებითაც სოფელი მიიჩნევს საჭიროდ. ასევე საუბარია სერვისების ეფექტურობის ზრდაზე. როცა მე ვცხოვრობ სოფელში თვითმმართველობისაგან მჭირდება, რომ იყოს გზა, წყალი, კომუნიკაციები. არ მჭირდებოდეს საბუთებზე დიდხანს სირბილი.

 

გადაწყვეტილების მიღებაში რამდენად იქნება მოსახლეობა ჩართული?

 

როცა მე ვახსენე, რომ თვითმმართველობის საზოგადოებრივი ერთეულები, სოფლის კრებები ჩამოყალიბდება, ეს იქნება პირდაპირი დემოკრატიის ფორმა. ანუ სოფლის კრებები იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება სოფელს. დაწყებული კეთილმოწყობიდან, დამთავრებული ინფრასტრუქტურულ პროგრამებამდე. გარდა იმ პროგრამებისა, რომლებსაც ახორციელებს მუნიციპალიტეტი ერთი მხრივ, მეორე მხრივ რეგიონი ან ცენტრალური ხელისუფლება, მათ ექნებათ დელეგირებული შესაბამისი რესურსები ისეთი საკითხების გადასაწყვეტად, მაგალითად, როგორიც არის სოფლის გზა, წყალი. სოფელი მიიღებს გადაწყვეტილებას კრებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი