ახალი ამბებიკომენტარი

რას ჰყვება ნიგერიელი სტუდენტი, რომელსაც სტადიონზე თავს დაესხნენ

10 აპრილი, 2018 • 6359
რას ჰყვება ნიგერიელი სტუდენტი, რომელსაც სტადიონზე თავს დაესხნენ

ბენეტ ნუიზეგე ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც 8 აპრილს თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, რამდენიმე ადგილობრივი თავს დაესხა. როგორც ის ნეტგაზეთთან საუბარში ჰყვება, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც ის და მისი მეგობრები სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდნენ.

“მე ამ სტადიონზე თითქმის ყოველ კვირას დავდივარ, რადგან ახლოს ვცხოვრობ. მაშინაც [8 აპრილს] ასე იყო. მე და ჩემი მეგობრები ფეხბურთის სათამაშოდ მივედით. მაშინ იქ არავინ იყო, სტადიონი იყო ცარიელი. მალე გამოჩნდა ერთი კაცი, რომელმაც ჩვენგან სტადიონის დატოვება მოითხოვა, რაზეც ჩვენ უარი ვუთხარით და შევთავაზეთ, რომ მასაც ჩვენთან ერთად ეთამაშა,” – განმარტავს ბენეტ ნუიზეგე.

როგორც ნუიზეგე ამბობს, მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა კაცმა მათთან ერთად თამაშზე უარი განაცხადა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნუიზეგემ და მისმა მეგობრებმა ქვეყანა უნდა დატოვონ.

ჩვენ ვუპასუხეთ, რომ არა, ამას ჩვენ არ ვაპირებთ, რის შემდეგაც ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს ხელი ჰკრა, ჩემმა მეგობარმა მას თავდაცვის მიზნით მსგავსად უპასუხა. სწორედ ასე დაიწყო ეს აგრესია, შემდეგ სხვა მაცხოვრებლები ჩამოვიდნენ, რომლებსაც ჯოხები ეჭირათ და დაიწყო კონფლიქტიც,” – აღნიშნავს ნუიზეგე.

ბენეტ ნუიზეგე ასევე უსვამს ხაზს, რომ მცხოვრებლების განცხადებები, თითქოს სტადიონზე ბავშვებს არ უშვებდნენ და ძალიან დიდი ხნით აკავებდნენ ტერიტორიას, სიმართლეს არ შეესაბამება.

“რაც შეეხება თბილისის მერის შემოთავაზებას, ამ კონფლიქტში მხოლოდ მე არ ვმონაწილეობდი. აქ იყვნენ ჩემი მეგობრები, რომელთა შორის ერთ-ერთს დაზიანებებიც აღენიშნება. ჩვენ მოვითათბირებთ და ისე გადავწყვეტთ, როგორ ვუპასუხოთ ამ ინიციატივას,” – განმარტავს ნუიზეგე.

გარდა ამისა, ნუიზეგე იხსენებს, რომ დაკითხვაზე სამართალდამცველებმა “დეტალური კითხვები” დაუსვეს და პოლიციას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

“მე ვენდობი გამოძიებას. რომ არ ვენდობოდე, არც გამოვიძახებდი. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მე ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ, აქ ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი მყავს და თანაც, ახალგაზრდა ქართველებს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩვენ მიმართ. მე საქართველოში ჩამოვედი იმიტომ, რომ ვიცოდი, აქ კარგი სწავლება იქნებოდა და რატომ უნდა დავტოვო ქვეყანა? როცა მოვრჩები სწავლას, მაშინ დავბრუნდები ნიგერიაში.

რაც შეეხება მსგავს დამოკიდებულებას სხვების მხრიდან, ეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია, ქუჩაში, მანქანებში, ყველგან ისმის ხალხის მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები, ყველა ჩვენ გვიყურებს. ყოველდღე ჩვენ ვგრძნობთ ამ წნეხს” – უთხრა ბენეტ ნუიზეგემ ნეტგაზეთს.

მისივე თქმით,  მომხდარის შემდეგ ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

თავდასხმა ნიგერიელ სტუდენტებზე 

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან. შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი და დაპირისპირებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები ნიგერიელ ახალგაზრდებს ინციდენტის პროვეცორებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თავდაპირველად, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც შაკვანიანი სტუდენტების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ნიგერიელ სტუდენტებზე ძალადობაში ბრალდებულები რასობრივ დისკრიმინაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინციდენტი კანის ფერის გამო არ მომხდარა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა შავკანიან ახალგაზრდებს იძულებით დაატოვებინა ტერიტორია.

ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნიგერიელი სტუდენტების მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც მუშაობს.

შსს-ს განცხადებით, კვალიფიკაციის საკითხი გადაიხედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება და გამოძიებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ექნება სრული სურათი.

უწყების ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობასა და საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეებს შორის მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) მიმდინარეობს, რომელიც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი