ახალი ამბები

კილაძე: არ შეიძლება, რაღაც კონკრეტულ შემთხვევას მაინცდამაინც რასისტული სარჩული დავუდოთ

10 აპრილი, 2018 • 2041
კილაძე: არ შეიძლება, რაღაც კონკრეტულ შემთხვევას მაინცდამაინც რასისტული სარჩული დავუდოთ

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე თბილისში, ბელიაშილის ქუჩაზე შავკანიანი სტუდენტების ცემასთან დაკავშირებით ამბობს, რომ იმედი აქვს, ეს რასისტულ ნიადაგზე არ მომხდარა.

ამის შესახებ სოფო კილაძემ 10 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“არ შეიძლება, რომ უბრალოდ რაღაც კონკრეტულ შემთხვევას მაინცდამაინც რასისტული სარჩული დავუდოთ. ეს ძალიან საფრთხილო თემაა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იყო რასისტულ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტი, არამედ იყო ერთი ყოფითი, ჩვეულებრივი საკითხი, ჩხუბი, რაც ყველა ადამიანს შორის შეიძლება მოხდეს, ამიტომ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოირკვევა, რასთან გვქონდა საქმე,”- განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ორივე მხარის პოზიცია მოისმინა და არ აქვს საფუძველი, რომელიმე მათგანს არ დაუჯეროს:

“ამ შემთხვევაში, არ მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო იმაში, რასაც იქაური მაცხოვრებლები ამბობენ და არც იმის საფუძველი მაქვს, რომ საწინააღმდეგო ვამტკიცო. ამიტომ ეს უნდა გადაწყვიტოს შესაბამისმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,”- განაცხადა სოფო კილაძემ.

თავდასხმა ნიგერიელ სტუდენტებზე – ყველა სიახლე

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე, რამდენიმე შავკანიანი სტუდენტი ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც ისინი აგრესიული კაცების ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე გააძევა ტერიტორიიდან. შემთხვევა 8 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

ვიდეოზე, რომელიც ნეტგაზეთს თვითმხილველმა მიაწოდა, ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელკეტებით შეიარაღებული პირები შავკანიან ახალგაზრდებს. თვითმხილველის თქმით, მოქალაქეების აგრესიულმა ჯგუფმა შავკანიან ახალგაზრდებს იძულებით დაატოვებინა ტერიტორია.

ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარის ვიდეო ერთ-ერთმა შავკანიანმა სტუდენტმა თავადაც გადაიღო, სადაც ჩანს, რომ მან და მისმა მეგობრებმა თავს გაქცევით უშველეს. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო პოლიცია გამოიძახეს და ვიდეოც აჩვენეს, თუმცა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ “მომხდარი და ეს კაცები დაევიწყებინათ”.

[red_box]თავდასხმის ვიდეო[/red_box]

გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და არა – რასობრივი დისკრიმინაციის. ნიგერიელი სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი კანის ფარეის გამო გააძევეს მოედნიდან და მოსთხოვეს ქვეყნის დატოვებაც, რასაც ძალადობაში ბრალდებულები და მათი მეზობლები უარყოფენ.

ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილი და დაპირისპირებაში მონაწილე საქართველოს მოქალაქეები ნიგერიელ ახალგაზრდებს ინციდენტის პროვეცორებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, თავდაპირველად, ფიზიკურ შეურაცხყოფასაც შაკვანიანი სტუდენტების მხრიდან ჰქონდა ადგილი. ნიგერიელ სტუდენტებზე ძალადობაში ბრალდებულები რასობრივ დისკრიმინაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინციდენტი კანის ფერის გამო არ მომხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი