ახალი ამბები

ტყიბულში მიმავალი სტუდენტების თქმით, მათ სუსი უთვალთვალებს [ვიდეო]

5 აპრილი, 2018 • 4865
ტყიბულში მიმავალი სტუდენტების თქმით, მათ სუსი უთვალთვალებს [ვიდეო]

სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ რამდენიმე საათია მათ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებენ და ფოტოებს/ვიდეოებს უღებენ, თუმცა სუს-ში აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ.

ექვსი მეშახტის დაღუპვასთან დაკავშირებით დღის პირველ ნახევარში სხვადასხვა ჯგუფები ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ოფისში შეიკრიბნენ და ტყიბულში წასვლა გადაწყვიტეს.

ირაკლი კუპრაძის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებს სუს-ის თანამშრომლები დაჰყვებიან და ფოტოებს/ვიდეოებს უღებენ. კუპრაძემ უშედეგოდ სცადა გაეგო, რა ინფორმაციებს აგროვებდნენ ეს ადამიანები. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ფოტოების გადაღების უფლება აქვთ.

Update – 16:20: მას შემდეგ, რაც სტუდენტები მიკროავტობუსით ტყიბულის მიმართულებით გაემგზავრნენ, ირაკლი კუპრაძემ კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა. მისი თქმით, ამჯერად უკვე სხვა პირები უთვალთვალებენ.

Update – 17:00: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ. სუს-ში განგვიცხადეს, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია.

რა ხდება ტყიბულში

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევისას სხეულის მძიმე დაზიანებების შედეგად დაიღუპნენ მინდელის სახელობის შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები: 1972 წელს დაბადებული მ. ქ, ოსტატ-ამფეთქებელი – 1968 წელს დაბადებული ბ. გ, სამთო მუშები – 1992 წელს დაბადებული პ. გ, 1959 წელს დაბადებული გ. რ, 1990 წელს დაბადებული გ.ბ. და 1966 წელს დაბადებული ე.ბ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მანამდე:

2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას.

გასული წლის 9 მაისს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა.

ვინ მართავს მინდელის შახტს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე 11 ადამიანი დაიღუპა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-ღმასრულებელი დირექტორი- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში -ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები 9 მაისს პარლამენტის ტერიტორიიდან სწორედ დავით ბეჟუაშვილის სახლთანაც მივიდნენ მინდელის შახტში არსებული შრომითი მდგომარეობის გასაპროტესტებლად.

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტი 6 წელიწადი ელოდებოდა განხილვას. კანონპროექტი სულ ახალხან, 2018 წლის 7 მარტს, მიიღეს უმაღლესმა კანონმდებლებმა, თუმცა არა თავდაპირველი ვერსიით.

მეშახტეები და მაღაროელები ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს უარეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან მაშინ ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდნენ, თუმცა მათი მდგომარეობა დიდად არც 2012 წლის შემდეგ შეცვლილა.

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის ახალი ვერსიის მიხედვით, პირობების დარღვევის შემთხვევაში სანქციები იზრდება და 100-დან 50 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა კანონის მოთხოვნები მხოლოდ  მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სულ მცირე 11 სფეროზე გავრცელდება. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს კანონის გავრცელების არეალის დავიწროებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი