“გამოძიება მიმდინარეობს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. დეტალების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, არის პირველადი, რომელიც მიუთითებს საგამოძიებო ორგანოების ვარაუდს, რომ ტერაქტი იქნა ორგანიზებული, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირების მიერ და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი,”- განაცხადა კბილაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა და განახორციელა ტერორისტული აქტი, რამაც შექმნა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის და მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის განხორციელების საშიშროება, ასევე, ხელყო საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, უკვე დააკავეს რომან შამათავა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია.