ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლის განცხადების ასლს ავრცელებს

1 აპრილი, 2018 • 5838
იუსტიციის სამინისტრო უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლის განცხადების ასლს ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო განცხადების ასლს ავრცელებს, რომელიც, მისი მტკიცებით, საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლ ქალს ეკუთვნის.  განცხადება 2018 წლის 27 მარტით თარიღდება.

სამინისტროს განცხადებით, სწორედ ამ დღეს(როცა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა) შეიტანა ქალმა განცხადება კანცელარიაში წულუკიანის სახელზე, რომელშიც რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელის ქმედებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებდა და ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მინისტრმა უგრეხელიძის ქმედებების შესახებ მანამდეც იცოდა.

განცხადების ასლი. კონფიდენციალობის დაცვის მიზნით განმცხადებლის პირადი მონაცემები დაფარულია.

თეა წულუკიანმა 30 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრისასაც აღნიშნა, რომ ტყუილია, თითქოს ქალმა მას დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების საქმეზე მიმართა და ამ ყველაფრის შესახებ იცოდა.

“ძალიან სამარცხვვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით, ეს მე ბევრჯერ ვთქვი, კიდევ ერთხელ ვიტყვი.  ჩვენ, ქალებს, გვაქვს ერთი მიზანი, ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას – ვერბალურს და ფიზიკურს. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული, ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი.

მსხვერპლმა, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში სახედაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის იმ დღეს, როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური. შესაბამისად, მან იკადრა ტყუილი, როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი, რომ მერე რა მოხდა, ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია-მეთქი”,- აღნიშნა მან. მინისტრის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.


საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძეს თანამშრომლები დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ერთმა მათგანმა ომბუდსმენს მიმართა, რომელმაც მის მიმართ დისკრიმინაცია და შევიწროების არსებობს დაადასტურა, ხოლო ორი – სასამართლოს გზით დავობს უგრეხელიძის წინააღმდეგ.

“საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მესამე პირებთან აცხადებდა, რომ მოსარჩელე ქალები იყვნენ მისი “ციყვები”, მათთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, მისი მიყვანილები იყვნენ და როცა უნდოდა, მაშინ გააგდებდა” – აცხადებენ მოსარჩელეები.

იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის ხელძღვანელ პაპუნა უგრეხელიძეს თანამშრომლები სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა მედიასთან ისაუბრა. ამ ყოფილი თანამშრომლის საქმეზე სახალხო დამცველმა  2017 წლის მაისში დაადგინა, რომ “პაპუნა უგრეხელიძემ, [დაზარალებულის] მიმართ ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”.

მას შემდეგ, რაც დასკვნის შესახებ მედიითაც გახდა ცნობილი და უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლმა კონფიდენციალურად ისაუბრა მედიასთან, უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა.

პაპუნა უგრეხელიძე უარყოფს და ანგარიშსწორების მცდელობას უწოდებს ყოფილი თანამშრომლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. მისივე თქმით, ყოფილმა თანამშრომელმა მასზე შური იძია, რადგან მანამდე მისი ქმარი გაათავისუფლა საჯარო რეესტრში დაკავებული სამსახურიდან.

პაპუნა უგრეხელიძე განცხადებაში ასევე საუბრობს იმ ორ ადამიანზე, ვინც მას სასამართლოში უჩივლა:

“[ყოფილი თანამშრომელი] კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ მეგობარს, რომლებმაც რეორგანიზაციის შედეგად კონკურსში მონაწილეობა არ ისურვეს და ამიტომ გათავისუფლდნენ, თავიანთ შრომით დავაზე “შევიწროების” არგუმენტის დამატება ურჩია,” – აღნიშნა უგრეხელიძემ თავის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი