ახალი ამბები

BBC: იულია სკრიპალი გონს მოვიდა და საუბარი შეუძლია

30 მარტი, 2018 • 2565
BBC: იულია სკრიპალი გონს მოვიდა და საუბარი შეუძლია

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალის შვილი იულია სკრიპალი, რომელიც მამასთან ერთად  რამდენიმე კვირის წინ დიდ ბრიტანეთში მოწამლეს, გონს მოვიდა და საუბარი შეუძლია. იულია სკრიპალის მკურნალი ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება.

“მკურნალობას ექვემდებარება და 24 საათის განმავლობაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა,” – აცხადებენ იულია სკრიპალის ექიმები. რაც შეეხება სერგეი სკრიპალს, ექიმები მის მდგომარეობას კვლავ კრიტიკულად აფასებენ.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის შემდეგ ბრიტანეთის პოლიცია დადასტურებით აცხადებს, რომ ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად ნერვული აგენტით მოწამლეს. ნერვული აგენტი ეწოდება ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი. როგორც წესი, ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება და იწვევს შინაგანი ორგანოების მუშაობის მოშლასა და სუნთქვის შეჩერებას.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

სკრიპალების მოწამვლას მოჰყვა საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი. მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი