ახალი ამბები

სკრიპალების მოწამვლის ბრალდებით ბრიტანეთის პოლიციამ ორი რუსი დააკავა

5 სექტემბერი, 2018 • 2290
სკრიპალების მოწამვლის ბრალდებით ბრიტანეთის პოლიციამ ორი რუსი დააკავა

ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლის ბრალდებით დიდ ბრიტანეთში ორი რუსი დააკავეს. ამის შესახებ BBC წერს.

პოლიციის განცხადებით, ალექსანდრე პეტროვისა და რუსლან ბოშროვის პასუხისგებაში მისაცემად საკმარისი მტკიცებულება არსებობს. სამართალდამცავთა ცნობით, დაკავებულები 40 წლამდე ასაკის არიან და არსებობს ეჭვი, რომ ამ დრომდე გაყალბებული ვინაობით ცხოვრობდნენ.

უწყების ცნობითვე, პეტროვი და ბოშიროვი ლონდონში, გატვიკის აეროპორტში მიმდინარე წლის 2 მარტს ჩამოვიდნენ და სასტუმროში დაბინავდნენ, 4 მარტს კი ქალაქ სოლსბერიში გაემგზავრნენ, სადაც სკრიპალების მკვლელობას შეეცადნენ.

BBC-ის ცნობით, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი განცხადებას “მოგვიანებით” გააკეთებს.


ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ბრიტანეთის პოლიციამ დადასტურებით განაცხადა, რომ ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად ნერვული აგენტით მოწამლეს. ნერვული აგენტი ეწოდება ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი. როგორც წესი, ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება და იწვევს შინაგანი ორგანოების მუშაობის მოშლასა და სუნთქვის შეჩერებას.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

სკრიპალების მოწამვლას მოჰყვა საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი. მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი