ახალი ამბები

ბრიტანეთში მოწამლულ სერგეი სკრიპალს პუტინმა ნაძირალა და მოღალატე უწოდა

3 ოქტომბერი, 2018 • 2581
ბრიტანეთში მოწამლულ სერგეი სკრიპალს პუტინმა ნაძირალა და მოღალატე უწოდა

ვლადიმერ პუტინმა სოლსბერიში მოწამლულ სერგეი სკრიპალს ნაძირალა და მოღალატე უწოდა. ენერგეტიკულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა სკრიპალების მოწამვლის საქმესთან კრემლის კავშირები უარყო.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass ავრცელებს.

“როგორც ვხედავ, ზოგიერთი თქვენი კოლეგა ავითარებს თეორიას, თითქოს სკრიპალი ადამიანის უფლებების აქტიური დამცველია. ის უბრალოდ ჯაშუში იყო, სამშობლოს მოღალატე. არსებობს ასეთი ცნება – სამშობლოს მოღალატე, ის ერთ-ერთი მათგანია. ის ნაძირალაა, სულ ესაა”,  – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის განცხადებით, სკანდალი სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლასთან დაკავშირებით ხელოვნურადაა შექმნილი.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს.

ექსპერტიზის შემდეგ ბრიტანეთის პოლიცია დადასტურებით აცხადებს, რომ ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი თავის შვილთან ერთად ნერვული აგენტით მოწამლეს. ნერვული აგენტი ეწოდება ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ბლოკავს ადამიანის უნარს, აკონტროლოს თავისი ორგანიზმი. როგორც წესი, ის ადამიანის ორგანიზმში შეფრქვევით ხვდება და იწვევს შინაგანი ორგანოების მუშაობის მოშლასა და სუნთქვის შეჩერებას.

სკრიპალების მოწამვლას მოჰყვა საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი. მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა.

მოგვიანებით, ბრიტანეთის პოლიციამ სკრიპალების მოწამვლის საქმეზე ბრალი რუსეთის ორ მოქალაქეს წაუყენა.

გამომძიებელი ჟურნალისტების თანახმად, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლაში ერთ-ერთი ბრალდებული არის რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმარველოს (გრუ) პოლკოვნიკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი