მოსკოვი თბილისს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს

ჟენევის დისკუსიების მორიგი, 43-ე, 27-28 მარტის რაუნდის შემდეგ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებამ შემაჯამებელი განცახდება გაავრცელა, სადაც ქართული მხარე არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.

“რუსეთის მხრიდან აღინიშნა კონტრპროდუქტიულობა საქართველოს მცდელობებისა, ჟენევის დისკუსიები საკუთარი იდეოლოგიური კლიშეების გასახმიანებლად გამოიყენონ. ამის ნაცვლად საქართველო, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე: ჟენევაში დაიწყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, უარი თქვას სხვა ქვეყნების წაქეზებით მათ სავიზო ბლოკადაზე, გააუქმოს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიული შესახებ”, შეწყვიტოს ამ რესპუბლიკების კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა სხვა ქვეყნებში”, – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2018 წლის 28 მარტს ჟენევის დისკუსიების  შეხვედრაზე მონაწილე მხარეები ვერ შეთანხმდნენ  ძალის არგამოყენების შესახებ ზეპირი განცხადების მიღებასთან დაკავშირებით. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი შეთანხმების მიღწევა იყო.


შეხვედრამდე ქართული მხარე არ გამორიცხავდა, რომ ჟენევაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირ განცხადებას მხარეები მაინც მიიღებდნენ, თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა აცხადებდა, “ამას არ ექნებოდა არანაირი იურიდიული ძალა, მხოლოდ – დიპლომატიური. ამასთან, მონაწილეთა ერთობლივი განცხადება არანაირად არ იყო კავშირში სოხუმისა და ცხინვალის ოკუპაციური რეჟიმების ლეგიტიმაციასთან. ასევე, მონაწილეებს შორის სავარაუდო ზეპირი შეთანხმება არ ხსნიდა დღის წესრიგიდან იმას, რომ რუსეთის ფედერაციამაც აიღოს იურიდიულად სავალდებულოდ ძალის არგამოყენება”.

შესაძლო ზეპირი შეთანხმება თბილისში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დისკუსიის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუაც დაიბარა და განმარტებები მოსთხოვა.

2018 წის 9 მარტს დაურ კოვემ, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ძალიან ახლოს არიან” ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირ შეთანხმებასთან. ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, როგორც აფხაზური მხარე აცხადებდა, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად გაფორმებული შეთანხმების მიღწევის საფუძველი გახდებოდა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელი იყო.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი