ახალი ამბები

ოთხოზორია-ტატუნაშვილზე რეზოლუციით კვირკაშვილის პოზიტიური განცხადება უარყვეს – კარასინი

28 მარტი, 2018 • 2277
ოთხოზორია-ტატუნაშვილზე რეზოლუციით კვირკაშვილის პოზიტიური განცხადება უარყვეს – კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის მიღებით გიორგი კვირიკაშვილის კონსტრუქციული და პოზიტიური წინსვლისკენ მიმართული განცხადების დეზავუირება მოხდა. 

ამის შესახებ კარასინმა ჟენევის  საერთაშორისო დისკუსიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადება მიმართული იყო კონსტრუქციული და პოზიტიური წინსვლისკენ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობებში, ახალი გზების ძიებისკენ ჟენევის დისკუსიებში. შევაფასეთ, რამდენად რისკის შემცველია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული განცხადება, რომელმაც კვირიკაშვილის მიმართვის დეზავუირება მოახდინა, და შეიძლება მოფიქრება, როგორ უნდა მოხდეს ჟენევის დისკუსიის რეფორმირება. შეიძლება ტექსტს დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, მაგრამ ეს ორი თვე უნდა დავფიქრდეთ” – თქვა კარასინმა ჟურნალისტებთან საუბრისას (ტელეკომაპნია რუსთავი 2-ის თარგმანი).

დღეს, 2018 წლის 28 მარტს, ჟენევის დისკუსიების  შეხვედრაზე მონაწილე მხარეები ვერ შეთანხმდნენ  ძალის არგამოყენების შესახებ ზეპირი განცხადების მიღებაზე.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდის მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირი შეთანხმების მიღწევა იყო.

როგორც კარასინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, დისკუსიის მონაწილეებს რიგ საკითხებზე განსვავებული წარმოდგენები აქვთ, რის გამოც ტექსტზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა:

“სამწუხაროდ, ტექსტზე შთანხმება ვერ შევძელით. მონაწილეებს განსხვავებული წარმოდგენა აქვთ, რა შეიძლება და რისი ჩაწერაა საჭირო. აქცენტი კეთდება სტატუსზე და 2008 წლის შეთანხმებაზე, რაც განსხვავებულად ესმით თბილისში, სოხუმში, ცხინვალში მოსკოვში და სხვაგან. გავცვალეთ შეხედულებები.

სირთულეების მიუხედავად, დიალოგი კონსტრუქციული იყო, თუმცა, დროდადრო ემოციურიც. განვიხილეთ არასასიამოვნო, სერიოზული და ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც პერიოდულად ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქის ტატუნაშვილის გარდაცვალებას, გავიხსენეთ ოთხოზორიას საქმეც, დეტალური სუბარი იყო საქართველოს, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებს შორის” – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ (რუსთავი 2-ის თარგმანი).


შეხვედრამდე ქართული მხარე არ გამორიცხავდა, რომ ჟენევაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირ განცხადებას მხარეები მაინც მიიღებდნენ, თუმცა, როგორც საქართველოს საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა აცხადებდა, “ამას არ ექნებოდა არანაირი იურიდიული ძალა, მხოლოდ – დიპლომატიური. ამასთან, მონაწილეთა ერთობლივი განცხადება არანაირად არ იყო კავშირში სოხუმისა და ცხინვალის ოკუპაციური რეჟიმების ლეგიტიმაციასთან. ასევე, მონაწილეებს შორის სავარაუდო ზეპირი შეთანხმება არ ხსნიდა დღის წესრიგიდან იმას, რომ რუსეთის ფედერაციამაც აიღოს იურიდიულად სავალდებულოდ ძალის არგამოყენება”.

შესაძლო ზეპირი შეთანხმება თბილისში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დისკუსიის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუაც დაიბარა და განმარტებები მოსთხოვა.

2018 წის 9 მარტს დაურ კოვემ, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ “ძალიან ახლოს არიან” ძალის გამოუყენებლობის შესახებ ზეპირ შეთანხმებასთან: – “ვიმედოვნებ, ამ რაუნდზე საშუალება გვექნება მივიღოთ ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რასთანაც, ჩემი აზრით, ძალიან ახლოს ვართ”.

ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, როგორც აფხაზური მხარე აცხადებდა, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად გაფორმებული შეთანხმების მიღწევის საფუძველი გახდებოდა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი