საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ იმედი აქვთ, ჟენევის მომავალ რაუნდზე მხარეები კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას შეძლებენ.
“იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას”, – წერია საგარეო უწყების განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ქართული მხარე გაეცნო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს, თუმცა რუსული მხარის საპასუხო განცხადების ტექსტზე საქართველოს საგარეო უწყება მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
“გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად. ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად”.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები. გარდა ამისა, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან. ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.
მორიგი შეხვედრა ჟენევაში 2018 წლის 26-29 მარტს უნდა გაიმართოს. დისკუსიებამდე მოსამზადებელი შეხვედრა სოხუმში 9 მარტს გაიმართა.
“ვიმედოვნებ, ამ რაუნდზე საშუალება გვექნება მივიღოთ ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რასთანაც, ჩემი აზრით, ძალიან ახლოს ვართ. ვფიქრობ, თქვენი აქტიური მონაწილეობით ამ მიმართულებით პროგრესს მივაღწევთ”,- განაცხადა შეხვედრაზე დაურ კოვემ, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად გაფორმებული შეთანხმების მიღწევის საფუძველი გახდებოდა.