“დარიალჰესის” გამო მდინარე თერგი 8 კილომეტრის მანძილზე თითქმის დამშრალია და მცირე ზომის ღელესავით მოედინება.
მოქალაქე იაგო კაზალიკაშვილმა “ფეისბუკში” ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ასახულია მდინარე თერგი, რომელიც თავის ბუნებრივ კალაპოტში ძლივს ჩანს. ამის მიზეზი ის არის, რომ თერგის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90% გადასროლილია სადერივაციო მილებში და მხოლოდ 10% რჩება კალაპოტში.
ასრულებს თუ არა ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებას კომპანია “დარიალეჰესი” და არის თუ არა მდინარის დატოვებული ნაწილი საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10%, ეს გარემოს ზედამხედველობის მონიტორინგის საკითხია, აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წევრის ირაკლი მაჭარაშვილი.
ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ გაზაფხულზე მნიშვნელოვანია, მდინარის წყლის საკმარისი რაოდენობა დარჩეს კალაპოტში, რადგან თერგის კალმახი ქვირითობს. მაჭარაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ მდინარის ხარჯმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს წავზეც, რომელიც წითელი ნუსხით დაცული სახეობაა.
ასრულებს თუ არა კომპანია დადგენილ პირობებს, ეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა შეისწავლოს, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ “დარიალჰესის” შემოწმება ჯერ არ შეუძლიათ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ “დარიალჰესს” შეამოწმებენ, თუმცა, როდის ეს ჯერ არ იცის, რადგან დეპარტამენტს “რეგულირების უამრავი ობიექტი” აქვს. მისი თქმით, შემოწმება ადეკვატურ პერიოდში უნდა ჩატარდეს, რომ ხარჯთან დაკავშრებული საკითხებიც მოიცვას.
ნელი კორკოტაძის თქმით, “დარიალჰესის” მფლობელმა ყველა წყალმომხმარებლის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. კომპკლექსური შემოწმება ასევე მოიცავს ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესწავლასაც.
“დარიალჰესი” პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 8 აპრილს გახსნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში “საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე რთული ნაგებობაა”.
“დარიალჰესი” გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისაა და აქტივისტების პროტესტის ფონზე აშენდა, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ამ ტერიტორიაზე ჰესის აშენებას. მათი თქმით, ჰესი მდინარე თერგს ზიანს მიყენებდა, ხოლო ტემპერატურას შეცვლიდა.
ჰესის მშენებლობის დროს დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესები ვითარდებოდა. იყო ბუნებრივი კატასტროფაც. 2014 წელს ხეობაში სქიტია გააქტიურდა – ჩამოწვა მეწყერი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიას დარიალიჰესთან კავშირი არ ჰქონდა, “მწვანე ალტერნატივა” კი აცხადებდა, რომ მშენებლობის პროცესში დაცული არ იყო გარემოსდაცვითი საკითხები.