ახალი ამბები

“უღირსი სპეკულაცია” – ლევან ბეჟაშვილი პაპუნა უგრეხელიძეს პასუხობს

28 მარტი, 2018 • 2795
“უღირსი სპეკულაცია” – ლევან ბეჟაშვილი პაპუნა უგრეხელიძეს პასუხობს

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პაპუნა უგრხელიძემ დისკრიმინაციასა და შევიწროებაში ყოფილი თანამშრომლის მიერ დადანაშაულება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა და მის სახელს დაუკავშირა, რაც “უღირსობა და ფსკერია”.

ყოფილი თანამშრომელი პაპუნა უგრეხელიძეს დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს, რასაც, სახალხო დამცველის დასკვნაც ადასტურებს. პაპუნა უგრეხელიძემ განაცხადა, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ამ თანამშრომლის ქმარი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმაა, სამსახურიდან დისციპლინური დარღვევის გამო გაათავისუფლა.

“ჟურნალისტი დამიკავშირდა და პაპუნა უგრეხელიძეზე კომენტარი მთხოვა. უარის სათქმელად მოვემზადე, რადგან მასთან მრავალწლიანი (სტუდენტობიდან) კარგი მეგობრობა მაკავშირებდა და მის სახელთან დაკავშირებული სკანდალური ინფორმაცია სასიამოვნო მოსასმენი არ იყო ჩემთვის. მთავარი მოულოდნელობა თურმე წინ მელოდა. პაპუნას თავის განცხადებაში მე ვუხსენებივარ….

პაპუნამ სექსუალურ შევიწროვებაში მისი დადანაშაულება პოლიტიკური ანგარიშსწორებად შეაფასა და ირიბად თუ პირდაპირ ჩემ სახელთან დააკავშირა.

თვალწინ დამიდგა სტუდენტობა, ერთად გატარებული წლები… რად უნდა გიღირდეს ქალზე შურისძიება, რომ ყველაფერ ამას ხაზი გადაუსვა უღირსი სპეკულაციით?!

მხოლოდ ფაქტები: 

1. დაზარალებულის სახელი დღეს მისი პოსტიდან შევიტყვე (ამ ინფორმაციის გაჟღერიბით პაპუნამ უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა)

2. დაზარალებული ჩემი ყ ო ფ ი ლ ი მეუღლის ნათესავია. არც მასთან და არც სხვა ნათესავებთან 10 წელზე მეტია ურთიერთობა არ მაქვს. სამწუხაროდ, არც მათ კარიერულ წინსვლაში არ მიმიძღვის წილი, მათ ჩემს პოლიტიკაში მოსვლამდე ბევრად ადრე დაიწყეს მუშაობა და თავიანთი პროფესიონალიზმით აღწევდნენ წარმატებას.

3. დაზარალებული ქალბატონი ღირსებით სავსე, წესიერი ადამიანია. ვუცხადებ სრულ ნდობას და მხარდაჭერას.

უღირსობა და ფსკერი! – აი, ეს კომენტარი შეიძლება გქონდეს ადამიანში იმედგაცრუების მერე,”- წერს ლევან ბეჟაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. 


პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი სქესის ნიშნით დისკრიმინაციაში სდებს ბრალს, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში გამოიხატებოდა. სახალხო დამცველმა ამ საქმეზე დაადგინა, რომ “პაპუნა უგრეხელიძემ, [დაზარალებულის] მიმართ ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”.

მას შემდეგ, რაც დასკვნის შესახებ მედიითაც გახდა ცნობილი და უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლმა კონფიდენციალურად ისაუბრა მედიასთან, უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა.

პაპუნა უგრეხელიძე ანგარიშსწორების მცდელობას უწოდებს ყოფილი თანამშრომლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. მისივე თქმით, ყოფილმა თანამშრომელმა მასზე შური იძია, რადგან მანამდე მისი ქმარი გაათავისუფლა საჯარო რეესტრში დაკავებული სამსახურიდან.

“ყოფილი თანამშრომელი] კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ მეგობარს, რომლებმაც რეორგანიზაციის შედეგად კონკურსში მონაწილეობა არ ისურვეს და ამიტომ გათავისუფლდნენ, თავიანთ შრომით დავაზე „შევიწროების“ არგუმენტის დამატება ურჩია,” – აღნიშნა უგრეხელიძემ თავის განცხადებაში.

უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, რომ, თუ პაპუნა უგრეხელიძე სასამართლოს მიმართავს, ამას მიესალმება და ერთმანეთს სასამართლოში შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი