ახალი ამბები

სავარაუდო მსხვერპლი პაპუნა უგრეხელიძის განცხადებას აბსურდს უწოდებს

27 მარტი, 2018 •
სავარაუდო მსხვერპლი პაპუნა უგრეხელიძის განცხადებას აბსურდს უწოდებს

საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლი, უგრეხელიძის მიერ დღეს გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. სავარაუდო მსხვერპლის თქმით, უგრეხელიძემ აბსურდული ბრალდებები წაუყენა, ასევე იგი ამბობს, რომ აპირებს პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს მიმართოს, რადგან უგრეხელიძენ მისი სახელი და გვარი გაასაჯაროვა.

“ბრძოლამ შედეგი გამოიღო და მან დატოვა დაკავებული თანამდებობა, აქვე მინდა მივმართო ყველას პირველად თქვენი ეთერის საშუალებით, რომ ეს იყო პასუხი ყველა იმ ტკივილისთვის, ცრემლისთვის, დამცირებისთვის, შეურაცხყოფისთვის. რეესტრიდან ათეულობით ადამიანი მწერს და მირეკავს და მადლობას მეუბნება, რომ ვიხსენი ისინი ამ კოშმარული გარემოდან. რაც შეეხება ის ბრალდებებს, ყველაფერს ველოდებოდი ამ ადამიანისგან, მაგრამ არა ასეთ აბსურდულ ბრალდებებს. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ალბათ, ის, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა”, – განაცხადა მან “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

მისივე თქმით, იგი აპირებს მიმართოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, იმის გამო, რომ პაპუნა უგრეხელიძემ გაასაჯაროვა მისი სახელი და გვარი, მანამდე უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლი ღიად არ საუბრობდა:

“მას არ ჰქონდა ამის უფლება, სანამ სახალხო დამცველი არ გაასაჯაროვებდა ამ დოკუმენტს და ამისთვისაც აგებს ის პასუხს”.

პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი სქესის ნიშნით დისკრიმინაციაში სდებს ბრალს, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში გამოიხატებოდა. სახალხო დამცველმა ამ საქმეზე დაადგინა, რომ “პაპუნა უგრეხელიძემ, [დაზარალებულის] მამართ, ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”. მას შემდეგ რაც, აღნიშნული დასკვნის შესახებ მედიითაც გახდა ცნობილი და უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლმა ანონიმურად ისაუბრა მედიასაშუალებებთან, უგრეხელიძემ გადადგომის განცხადებით მიმართ იუსტიციის მინისტრს და თეა წულუკიანმა დღეს ეს განცხადება დააკმაყოფილა.

პაპუნა უგრეხელიძე ანგარიშსწორების მცდელობას უწოდებს ყოფილი თანამშრომლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანამშრომელმა მასზე შური იძია, რადგან მანამდე მისი ქმარი გაათავისუფლა საჯარო რეესტრში დაკავებული სამსახურიდან. უგრე

უგრეხელიძის სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, რომ, თუ პაპუნა უგრეხელიძე სასამართლოს მიმართავს ამას მიესალმება და ერთმანეთს სასამართლოში შეხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი