არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.
დილიდან მისი სამოქალაქო პანაშვიდი სოფელ წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს.
ტატუნაშვილის სახლთან დგას საპატიო ყარაული, ისინი არჩილ ტატუნაშვილის სახლთან მის დაკრძალვამდე დარჩებიან.
ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალმა ქართულ მხარეს 20 მარტს, წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცა. მას ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა. როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება.
23 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი არის მოკლული.
საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა თითქმის ერთი თვე გაჭიანურდა. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.