დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით მოწამეთაში საზეიმო წირვა-ლოცვა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აღავლინა.
წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ მოწამეთის მონასტერში მიხეილ სააკაშვილი მივიდა და ადგილზე შეკრებილ მრევლს და მუფეს გაესაუბრა.
“აქ მე ვიყავი პირველად 1990-იან წლებში და მაშინ ძალიან კარგი წინამძღვარი ჰყავდა ამ ტაძარს, ეს იყო გაგი მოსიშვილი. ძალიან დარბაისელი, კარგი, ინტელიგენტი კაცი იყო. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო აქაურობა, მაშინ დიდხანს ვილაპარკეთ და თქვა, ალბათ, მე ვერ მოვესწრებიო, მაგრამ მინდა გთხოვოთ, იქნებ ხელი შეავლოთ ამ ტაძარსო. მას შემდეგ ჩვენ დიდი სამუშაოები ჩავატარეთ, ისევე, როგორც გელათაში და თავისთავად – ბაგრატში. მოწამეთა ერთ-ერთი ჩემი სიამაყის საგანია და ეს ტაძარი საქართველოს სულიერი და ისტორიული, საერო მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი ასობით ეკლესიათაგანი, რომელიც აღდგა წინა წლებში. ვფიქრობ, ამდენი ეკლესია საქართველოში არასდროს აღდგენილა და არ გაკეთებულა, იმიტომ, რომ არის ჟამი ქვათა გაბნევისა და ქვათა შეკრებისა, ეს იყო სწორედ ეს ჟამი. აღმშენებლობის ეპოქამ ასევე მოიტანა, აი, ამ ტაძრების გაუგონარი და დიდი აღმშენებლობა. ამიტომ მე ყოველ წელიწადს ვცდილობ აქ მოვიდე და მოვინახულო აქაურობა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე აწამეს მურვან-ყრუს შემოსევის დროს.
გუშინ მცხეთაში სვეტიცხოვლობა აღინიშნა, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვა პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. აღნიშნულ რიტუალს, რომელშიც პრემიერი ივანიშვილი მონაწილეობდა, პრეზიდენტი სააკაშვილი არ დასწრებია.








