საპატრიარქოს ცნობით, მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი), სინოდის გადაწყვეტილებით, შვედეთის ეპარქიის სამრევლოზე იზრუნებს.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიტროპოლიტი ვახტანგი პენსიაზე გაუშვეს, პარასკევს, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მიაწოდა ორმა სასულიერო პირმა – დუშეთისა და წილკნის მიტროპოლიტმა ზოსიმე შოშიაშვილმა და თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა. ამ უკანასკნელმა მედიას პარასკევს ის ინფორმაციაც დაუდასტურა, რომ ისიც პენსიაზე იქნა გაშვებული, თუმცა გუშინ საპატრიარქოში დააზუსტეს, რომ მეუფე თადეოზი და ბოდბის მთავარეპისკოპოსი დავით ტიკარაძე ეპარქიის გარეშე განაგრძობენ მოღვაწეობას.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტ ვახტანგ ახვლედიანს ბოლო რამდენიმე თვეა ხმამაღლა უპირისპირდება მრევლის ნაწილი. მარგვეთის ეპარქიაში მრევლმა მეუფის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა და მთავარეპისკოპოსის რეზიდენციის კარი აჭედა. მათ მიმართეს სინოდს ამ საკითხის თაობაზე, ხოლო პატრიარქმა ილია მეორემ ამ საკითხის შესწავლა მეუფე იაკობს დაავალა. საბოლოოდ, სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე ვახტანგი შვედეთის ეპარქიის მრევლზე იზრუნებს..
სინოდის სხდომა 11 ოქტომბერს გაიმართა და გადაწყდა, რომ გაიყო ოთხი ეპარქია და შვიდი ახალი მღვდელმთავარი იქნა გამორჩეული. სინოდის განჩინების საბოლოო ვერსია საპატრიარქოს სრულად ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.







