ახალი ამბები

ბათუმში კლიმატურ ცვლილებებზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

14 ოქტომბერი, 2013 • • 892
ბათუმში კლიმატურ ცვლილებებზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

სესია IPCC-ს ხელმძღვანელმა, დოქტორმა რაჯენდრა ქუმარ ფაჩაურმა გახსნა, შემდეგ კი სტუმრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ მიმართეს:

 

“საქართველო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, სადაც ეს სესია ტარდება, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოს ნაწილი და ჩვენ ვცდილობთ დავიმკვიდროთ ადგილი გლობალურ სამყაროში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ჩვენ გვაქვს პრობლემები ჩვენს მეზობელ რუსეთთან, გარდა ამისა გვაქვს სხვა უამრავი პრობლემაც და ხანდახან ვფიქრობთ, რომ სხვა გადაწყვეტს იმ საკითხს, რის გამოც ამ კონფერენციაზე შევიკრიბეთ. თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა უმნიშვნელოვანესია და მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, მეტი დრო და ენერგია უნდა დავუთმოთ ამ საკითხს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ხათუნა გოგალაძემაც:

 

“კლიმატური ცვლილებები მსოფლიოს ბოლოდროინდელი ყველაზე დიდი გამოწვევაა და ამ საკითხებს ყურადღება უნდა მივაქციოთ მანამდე, სანამ პროცესები შეუქცევადი გახდება”, – აღნიშნა მინისტრმა.

 

ღონისძიებას ესწრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც. ხაბაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება ბათუმში ტარდება. მისი თქმით, ბათუმს უამრავი პრობლემა აქვს და ასეთი დონის ღონისძიება ხელს შეუწყობს იმას, რომ ბათუმის ცნობადობა გაიზარდოს და ის პრობლემები, რაც აჭარაში არსებობს, აღმოიფხვრას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი