ახალი ამბები

საპატრიარქო: ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებისთვის

14 ოქტომბერი, 2013 •
საპატრიარქო: ყველაფერი უნდა გაკეთდეს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებისთვის

“უნდა შეწყდეს ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლება და ყველაფერი გაკეთდეს, რათა დაიწყოს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებისა და დევნილთა დაბრუნების პროცესი.

 

მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების უნებრთვოდ შესვლისა და მათ მიერ ახალი ტაძრის საძირკვლის კურთხევის შესახებ ტყვარჩელსა და სოხუმთან განთავსებულ სამხედრო ბაზებზე, რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა.

 

მივმართავთ მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს, უზრუნველყონ კონტროლი, რათა არ მოხდეს მათი ეკლესიის სამღვდელოების აფხაზეთის ეპარქიაში შემოსვლა და მღვდელმოქმედების შესრულება საქართველოს ეკლესიის მწყემსთავრის ლოცვა-კურთხევის გარეშე. როგორც ცნობილია, აფხაზეთში ტაძრის მშენებლობის კურთხევას გასცემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი”, – განახადა დეკანოზმა დავით შარაშენიძემ.

 

მისივე თქმით, სინოდმა, ასევე, იმსჯელა ბოლო დროს საქართველოში რელიგიური დაპირისპირების საკითხზე:

 

“სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი მუსულიმებსა და ქრისტიანებს შორის სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, რაც ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა და მიზნად ისახავს ორი ტრადიციული რელიგიის და მათი წარმომადგენლების დაპირისპირებას.

 

წმინდა სინოდმა დაადგინა, ეთხოვოს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიონ განვითარებული მოვლენები და მიიღონ სათანადო ზომები სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად”.

 

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომა 11 ოქტომბერს გაიმართა, თუმცა განჩინების სრული ტექსტი საპატრიარქოს ვებ-გვერდზე ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი