ნეტგაზეთი | “ქართული მარშის” წევრი მელორ ვაჩნაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით დააკავა “ქართული მარშის” წევრი მელორ ვაჩნაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით დააკავა – Netgazeti
RU | GE  

“ქართული მარშის” წევრი მელორ ვაჩნაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით დააკავა

მელორ ვაჩნაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი) და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა (177-ე მუხლი) ედება. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს-ში დაუდასტურეს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “ქართული მარშის” ადვოკატ ცირა ჯავახიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლოში მელორ ვაჩნაძის ინტერესებს იცავს, თუმცა საქმის დეტალები არ იცის. სასამართლო აღნიშნულ საქმეს დღეს იხილავს.

როგორც თავად ვაჩნაძე საკუთარ ფეისბუკ ანგარიშზე განმარტავს, ის ღუდუშაურის კლინიკაში “ქართული მარშის” წევრის, სანდრო ბრეგაძის მოსანახულებლად მივიდა, რა დროსაც  პოლიციის თანამშრომლები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მელორ ვაჩნაძე გენინსპექციას აღნიშნული პოლიციელების დასჯას სთხოვს. შსს-ში აღნიშნულ ფაქტს უარყოფენ, თუმცა კითხაზე, განიხილავს თუ არა გენინსპექცია აღნიშნულ საქმეს, ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ.

“ქართულმა მარშმა” ასევე თქვა, რომ სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრო ბრეგაძესაც და გაავრცელეს ფოტო, სადაც ჩანს საავადმყოფოს პალატაში მოთავსებული ბრეგაძე. თუმცა, როგორც ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება და საავადმყოფოში მოთავსება თავად მოითხოვა.

“ქართული მარშის” წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს ცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე –ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება. დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, ლადო სადღობელაშვილიც, რომელსაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან