ახალი ამბები

განვაგრძობთ იმ კურსის კრიტიკას, რაც ხელისუფლებას რუსეთთან აქვს – კაპანაძე რეზოლუციაზე

21 მარტი, 2018 • 1842
განვაგრძობთ იმ კურსის კრიტიკას, რაც ხელისუფლებას რუსეთთან აქვს – კაპანაძე რეზოლუციაზე

კარგია, რომ ხელისუფლებამ ჩვენი ინიციატივა გაიზიარა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიქმნება. ჩვენ განვაგრძობთ იმ კურსის კრიტიკას, რაც ხელისუფლებას რუსეთთან აქვს, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, სერგი კაპანაძემ გააკეთა.

საქართველოს პარლამენტმა ევროპული საქართველოს ინიციატივით ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა გადაწყვიტა. ამ სიაში ის ადამიანები შევლენ, რომლებიც დაკავშირებული არიან საქართველოს მოქალაქეების გატაცებასთან, წამებასა და მკვლელობასთან.

“დღეს საქართველოს პარლამენტში ჩვენ ერთობლივად დავგმეთ რუსეთის მოქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, რაც მთავარია, გადავწყვიტეთ შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ეს ჩვენი, ევროპული საქართველოს იდეა იყო, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაიზიარა. მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპული საქართველოს ეს იდეა საბოლოოდ პარლამენტმა მიიღო და ჩვენ ერთიანად, სახელმწიფოებრივად ვუპასუხეთ ნაწილობრივ მაინც იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, ევროპული საქართველო გააგრძელებს იმ კურსის კრიტიკას, რომელიც გააჩნია დღეს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

“ამ რეზოლუციის მხარდაჭერა ნამდვილად არ არის ინდულგენცია მთავრობისთვის, რომ ვითომ ამ რეზოლუციით შეიძლება დაიფაროს ის მცდარი ნაბიჯები, რომლებიც მათ შეიძლება მომავალში გადადგან. ჩვენ გვაქვს პრობლემა იმასთან, თუ როგორ უდგება საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციას, ჩვენ სერიოზული შეშფოთებით მოვეკიდეთ იმ წერილს, რომელიც პრემიერმა მისწერა რუსეთს და ჩვენ ვნახეთ, რომ დადებითი გამოხმაურება მიიღო მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან და საქართველოში არსებული პრორუსული პარტიებისგან.

ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ ვართ ძალიან შეშფოთებული იმით, თუ რა შეიძლება მოხდეს ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ძალის არგამოყენების ვალდებულებასთან დაკავშირებით და გავაგრძელებთ მთავრობის კონტროლს, რომ მათ მსგავსი მცდარი ნაბიჯები არ გადადგან და არ დააზიანონ ქვეყნის ინტერესები. ამ სიის მიღება არის ერთ-ერთი გამოვლინება იმისა, თუ როგორ შეიძლება ძლიერმა ოპოზიციამ შეძლოს და თავისი იდეა გაიტანოს და პარლამენტს მიაღებინოს ასეთი ტიპის შეზღუდვები,” – განაცხადა ვიცესპიკერმა, ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი