ახალი ამბებიხელოვნება

ფიტარეთის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს [ფოტო]

21 მარტი, 2018 • 3557
ფიტარეთის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს [ფოტო]

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიტარეთის მონასტრის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი აღმოაჩინეს. უკვე დაწყებულია გამოვლენილი ობიექტისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურები.

სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეების, ისტორიკოსებისა და არქიტექტორების ჯგუფი ადგილზე ვითარებას იმ მკვიდრ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ, რომელთაც შესაძლებელია ჰქონოდათ ინფორმაცია ნამონასტრალის შესახებ.

დღევანდელი მონაცემებით, ნამონასტრალი ფიტარეთის მონასტრის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, რომელიც ტყით დაფარული ქედის თხემზეა განლაგებული. ამ მონასტრის შესახებ ცნობები არ მოიპოვება არც ისტორიულ წყაროებსა და არც სამეცნიერო ლიტერატურაში. გაირკვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მისი სახელი უცნობი იყო.

დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსის ფოტოები

სპეციალისტების შეფასებით, მონასტერი ძლიერაა დანგრეული, გარშემო მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები, ძველი სტელების ფრაგმენტები. სამშენებლო ნაშთები ადგილზევეა დაცული და მათი დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მონასტრის უძველესი ნაგებობა VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო. 8,40 მ სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის ზომის ეკლესია კლდის ნამტვრევი ქვითაა ნაგები. მის გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ელემენტს წარმოადგენს ნახევარწრიულად შვერილი აფსიდა.

ეკლესიის კედლებში ჩაშენებულია VI საუკუნის ქვაჯვარათა ორნამენტირებული ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანზე ნიამორის რელიეფური გამოსახულებაცაა; კედლებში ასევე ჩადგმულია ბრტყელი ფილები, რომლებიც სავარაუდოდ საფლავის ქვებს უნდა წარმოადგენდეს. მათზე წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრებია გამოკვეთილი. ეკლესიის სამხრეთ კედელში გაჭრილ კარს ნათალი ქვის გრძელი არქიტრავი ფარავს. ეკლესია ბრტყელი და ღარიანი კრამიტით იყო გადახურული, კედლებს აბოლოებდა ნათალი ქვის კბილანებიანი კარნიზები, რაც შენობის ადრეულობის ერთ-ერთი ნიშანია.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სავარაუდოდ, XIII საუკუნეში ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული აქვს ნათალი ქვით ნაგები კარიბჭე, რომლის სტრუქტურას ორკალთა გადახურვა აქვს. აღმოსავლეთ ეკლესიის კედლებზე მლოცველთა სხვადასხვა პერიოდის მინაწერებია ამოკაწრული.

მათი განცხადებით, ეკლესიის ირგვლივ შეინიშნება გალავნის ნანგრევები და სენაკების კვალი.

ვინაიდან ნამონასტრალი სამეცნიერო კუთხით სრულიად შეუსწავლელია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უპირველეს ამოცანათა რიგში ახლად გამოვლენილი ნაგებობებისა და მიდამოს არქეოლოგიურ და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას უზრუნველყოფს, სამეცნიერო შესწავლის შემდეგ კი უწყება სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციაზე იზრუნებს.

ოქროს ძიებაში აღმოჩენილი სამონასტრო კომპლექსი

აღმოჩენის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცნობა კომპანია RMG-სგან მიიღო, რომლის სპეციალისტებმაც არქიტექტურულ ობიექტს ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამთო მინაკუთვნის ფართობიდან 1200 მეტრის დაშორებით, გეოლოგიური-სამძებრო სამუშაოებისას ტყეში მიაგნეს.

RMG და განადგურებული საყდრისი

Rich Metals Group, იგივე RMG ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა, რომელიც ბოლნისის რაიონში სამთო-მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული. კომპანიები “არემჯი გოლდი” და “არემჯი კოპერი” სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს.

გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცველები წლებია ამ კომპანიის საქმიანობას აკრიტიკებენ. საზოგადოებაში არსებობს კითხვები იმ უარყოფით ეფექტებზე, რაც ბოლნისში ოქროს მომპოვებელი სხვადასხვა კომპანიის მუშაობას ახლავს თან. გასულ წლებში ძირითადი წუხილი საბადოების მუშაობის შედეგად გარემოსა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ზიანს ეხებოდა. ბოლო პერიოდში კი საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილება საყდრისის საბადოზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება/განადგურებასთან იყო დაკავშირებული.

კომპანია “არ ემ ჯიმ” 2013 წლის 26 აპრილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, რომ საყდრისის მაღარო არა ოქროს, არამედ სპილენძის მომპოვებელი მაღარო იყო და მის მიმართ გეოლოგებსა და არქეოლოგებს ცალსახა დამოკიდებულება არ ჰქონდათ.

2013 წლის 5 ივლისს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა იმ მოტივით, რომ მას კანონის დარღვევით ჰქონდა ძეგლის სტატუსი მინიჭებული.

2014 წლის მარტში კულტურის სამინისტრომ მისცა “არ ემ ჯის” ამ ადგილას სამუშაოების წარმოების უფლება. ანგარიშში, რომელსაც სააგენტოს დირექტორმა ნიკა ანთიძემ მოაწერა ხელი, აღნიშნულია, რომ საყდრისში უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა არ დასტურდება. სააგენტოს მიაჩნია, რომ ირინე ღამბაშიძისა და თომას შტოლნერის მიერ ჩატარებული კვლევების დოკუმენტაცია არ არის სარწმუნო, რადგან პრეისტორიულ ხანაში ოქროს მოძიება, მისი მოპოვება წარმოუდგენელი იყო.

საყდრისის საკითხი პოლიტიზებული იმითაც გახდა, რომ მასთან დაკავშირებულ დისკუსიაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო, რომელიც უკვე აღარ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ივანიშვილმა 2014 წლის 18 მარტს იმედის ეთერით განაცხადა, რომ ოდიშარია სუსტი კულტურის მინისტრი იყო, რომელსაც გადაწყვეტის დროულობა აკლდა. ივანიშვილის შემდეგი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამტკიცებდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი