სამოქალაქო პლატფორმაში “არა-ფობიას” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, მკაცრი პოლიტიკა გაატარონ ნებისმიერი იმ ქმედების მიმართ, რომელიც შეიცავს ძალადობას, მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.
ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 19 მარტს რუსთავი 2-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხება, წერია, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში “ქართული მარშის” მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებები და თებერვალში დაანონსებული ე.წ. სახალხო პატრულის შემოღების ინიციატივა ცხადყოფს, რომ ისინი კვლავაც გააგრძელებენ ნებისმიერი, მათთვის მიუღებელი ადამიანის ფიზიკურ შეურაცხყოფას და ეცდებიან განსხვავებული აზრის დანაშაულებრივი გზით ჩახშობას.
“რუსთავი 2-თან დაკავშირებით გამოვლენილი აგრესიის კიდევ ერთი აქტი ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან ექსტრემიზმთან ბრძოლის კონკრეტული პოლიტიკის დასახვის საჭიროებას, რომელიც მიმართული იქნება, ერთი მხრივ, ამგვარი დანაშაულებრივი შემთხვევების დროული აღკვეთისა და შესაბამისი პირების მკაცრად დასჯისკენ, მეორე მხრივ კი, ასეთ შემთხვევათა პრევენციისაკენ”, – აცხადებენ არასამთავრობოები.
მათი განცხადებით, ინციდენტის ამსახველ ვიდეოზე იკვეთება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ნიშნები, თუმცა სამართალდამცავებმა გამოძიება ძალადობისა და სხვისი ქონების დაზიანების მუხლით დაიწყეს. გარდა ამისა, პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს “ქართული მარშის” რამდენიმე აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
ამავე განცხადებაში არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ისინი მიესალმებიან რამდენიმე პირის, მათ შორის, ლადო სადღობელაშვილის დაკავებას ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით.
არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუშვებლად მიაჩნიათ ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის თავიდან აცილების მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მათი თქმით, გამოხატვის თავისუფლების ძირითად არსს წარმოადგენს სწორედ შესაძლებლობა, გვქონდეს მათ შორის კრიტიკული, შოკისმომგვრელი და თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოხატვის უფლება. ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ რელიგიური გრძნობები, რომელიც მათი თქმით, სუბიექტური და ინდივიდუალურია, არ და ვერ იქნება ის საფუძველი, რომელიც გაამართლებს ამგვარ შეზღუდვას.
“ძალადობის, შეუწყნარებლობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება ახალისებს ექსტრემისტულ ჯგუფებსა და დანაშაულებრივ ქმედებებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფომ აწარმოოს დროული და ობიექტური გამოძიება, მოახდინის დანაშაულის ზუსტი კვალიფიკაცია, გამოიყენოს ადეკვატური სასჯელი ყველა იმ პირის მიმართ, ვისი ბრალეულობაც იკვეთება, დაიცვას მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება,” – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- საფარი
- მედიის განვითარების ფონდი (MDF
“ქართული მარშის” წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს ცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე –ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება. დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, ლადო სადღობელაშვილიც, რომელსაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.