ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადმოსცეს

20 მარტი, 2018 • 2446
ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადმოსცეს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს დღეს, 21 მარტს, წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცეს.

ქართულ საგუშაგოსთან ცხედრის გადმოცემის პროცესში იმყოფებოდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული მედიის წარმომადგენლებიც.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ამ დრომდე ტატუნაშვილი ცხედარი ქართული მხარისთვის არ იყო გადმოცემული. ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თითქმის ერთთვიანი დაგვიანება იმისთვის გახდა საჭირო, რომ ცხედარზე ექსპერტიზას ძალადობის კვალი არ აღმოეჩინა.

ოსური მხარის ცნობითვე, “რუსულმა დამოუკიდებელებმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილი მწვავე გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა, და გარდა ამისა, მას ჰქონდა ღვიძლის ციროზი და ქრონიკული ჰეპატიტი. ასევე, მის სხეულზე, ქვედა და ზედა კიდურებზე აღინიშნება იარები და ჩალურჯებები, რომელიც ჯანმრთელობისთვის მიყენებულ მსუბუქ დაზიანებად კვალიფიცირდება”.

ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა თბილისშიც ჩაუტარდება.


არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სრულად წაიკითხეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი