ახალი ამბები

ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამა 2 საჯარო სკოლაში ჩატარდება

19 მარტი, 2018 • 2557
ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამა 2 საჯარო სკოლაში ჩატარდება

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი საჯარო სკოლებში ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ბულინგის პრევენციისთვის ღონისძიებებს ორგანიზაცია თბილისის 156-ე და 31-ე საჯარო სკოლებში განახორციელებს. საპილოტე პროექტის ფარგლებში სკოლებში ანტიბულინგური პროგრამა შემუშავდება და მომზადდება მეთოდოლიგია ამ მიდგომების სხვა საჯარო სკოლებში დასანერგად. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა სუბელიანი ამბობს,  ამ დროისთვის პროექტი საჯარო სკოლებში კვლევის ეტაპზეა.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, ორგანიზაცია კერძო სკოლებში ახორციელებდა ღონისძიებებს, რომლებიც სკოლის კლიმატის კვლევას და პერსონალისა და მოსწავლეებისთვის სასწავლო მოდულების შექმნას მოიცავდა:

“ბულინგის დაძლევისკენ მიმართული პირველი საპილოტე სასკოლო პროგრამა დაიწყო 2016 წელს ჩვენ მიერ. პირველ ეტაპზე დავიწყეთ მუშაობა კერძო სკოლებში იმიტომ, რომ საჯარო სკოლებში არ გვეძლეოდა  ამ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ამ ეტაპის ფარგლებში შემუშავდა მეთოდოლოგია, რომელიც გულისხმობს სასკოლო კლიმატის კვლევის ინსტრუმენტების შექმნას.

ასევე, სახელმძღვანელოებს მასწავლებლებისათვის, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ განახორციელონ საგანმანათლებლო სესიები როგორც უმცროს, ასევე უფროსკლასელებისთვის და მასალები, რომლებიც გამოადგება ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას ან სკოლას, რომ ანტიბულინგური პროგრამა განახორციელოს” – ამბობს სუბელიანი.

როგორც სუბელიანი ამბობს, ამ მიმართულებით საჯარო სკოლებში მუშაობის დაწყების შესაძლებლობა ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა:

“პილოტირების ამ ეტაპზე ჩვენ ვეცდებით განათლების სამინისტროსთან ერთად ისეთი მოდელი შევქმნათ, რომელიც შესაბამისობაში იქნება ზოგადი განათლების არსებულ კურიკულუმთან, სასწავლო პროგრამასთან, გეგმასთან, პრინციპებთან და კიდევ უფრო გაამდიდრებს მას” – ამბობს სუბელიანი.

ანა სუბელიანის თქმით, პროგრამა იმითაა უნიკალური, რომ ის მოიცავს სკოლის თემის ყველა რგოლთან მუშაობას:

“პროგრამის ფარგლებში ვმუშაობთ როგორც მასწავლებლებთან, ასევე- მოსწავლეებთან, მშობლებთან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის საკუეთესო ინტერესების დაცვაში. ასევე ვმუშაობთ ადმინისტრაციასთან. მეტიც, ისეთ ადამიანებთანაც კი, როგორებიც არიან კაფეტერიის თანამშრომლები”, – ამბობს სუბელიანი.

მისი თქმით, პროგრამა მეტწილად ეფუძნება კონკრეტული პრობლემური შემთხვევების სწორ და დროულ იდენტიფიცირებას:

“მთავარი, რის გამოც ბულინგის შემთხვევები მწვავდება ხოლმე და ხშირ შემთხვევებში სავალალო შედეგებითაც სრულდება. ამის გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ვერ ხდება მისი დროული იდენტიფიცირება და სკოლა არ არის ხოლმე ქმედითი ამ მიმართულებით, ვერ ახორციელებს დროულ და სწრაფ რეაგირებას.  ჩვენთვის მთვარი ამოცანა არის ის, რომ მშობლებსაც, მასწავლებლებსაც და თავად ბავშვებსაც, ვასწავლოთ, როგორ ამოიცნონ ბულინგის შემთხვევები, როგორ განასხვაონ ის ჩვეულებრივი კონფლიქტური სიტუაციისგან, ყოველდღიური, ჩვეულებრივი კომუნიკაციის გზებისგან და შემდეგ როგორ მოახდინონ პირველადი რეაგირება სკოლის ბაზაზე და როგორ განახორციელონ რეფერირება კონკრეტულ სერვისებში თუ სახელმწიფო სამსახურებში” – ამბობს სუბელიანი.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომლებიც არასრულწლოვნებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას გაუწევენ, ფლობენ ექსპერტიზას რომელიმე კონკრეტული მიმართულებით და მუშაობენ სასკოლო ბულინგისა და მასთან მომიჯნავე საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი