ახალი ამბები

მოსწავლე სკოლაში ბულინგის საქმეზე დაზარალებულად ცნეს

6 თებერვალი, 2020 •
მოსწავლე სკოლაში ბულინგის საქმეზე დაზარალებულად ცნეს

ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში კლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ბულინგის საქმეზე 12 წლის მოზარდი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ინფორმაცია ნეტგაზეთს პროკურატურაში დაუდასტურეს.

თავდაპირველად შემთხვევის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ დაწერა. გამოცემის თანახმად, მოსწავლის ოჯახი ამბობდა, რომ პროკურატურას ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე თვეა აქვს, თუმცა, დაზარალებულის სტატუსის არარსებობის გამო საგამოძიებო მასალებზე წვდომა არ ჰქონდათ.

„სამხრეთის კარიბჭე“ ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვის ბულინგის მიზეზი პოლიციაში ზარი გახდა. მოზარდმა სკოლაში ჩხუბის დროს სამართალდამცველებს მიმართა. ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, რის გამოც მას მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო.

რაც შეეხება შსს-ს, თავდაპირველად ამ საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობდა, შემდეგ კი მუხლი გადაკვალიფიცირდა. ამჟამად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი