კომენტარი

როგორ გახდა კიბერბულინგის სამიზნე თაკო ტაბატაძე ქმართან განქორწინების შემდეგ

16 სექტემბერი, 2022 • 12131
როგორ გახდა კიბერბულინგის სამიზნე თაკო ტაბატაძე ქმართან განქორწინების შემდეგ
  • „შენი სიკვდილის უფლება რომ მქონდეს, ბებიისტოლა ქალი ვარ და ალბათ, მოგკლავდი“
  • „დროა ბაწარში უყრიდე თავს“
  • „საცოდავი ხარ“

ესაა კომენტარები, რომელსაც მსახიობ თაკო ტაბატაძეს ყოველდღე უწერენ სხვადასხვა საიტისა თუ ტაბლოიდის კომენტარებში, რომლებიც მის ფოტოებსა თუ FB-სტატუსებს სტატიების სახით ავრცელებენ.

თითოეულ ასეთ სტატიას თან ახლავს უცხო ადამიანების ასობით ან ათასობით კომენტარი. მათი ნაწილი თაკოს სუიციდისკენ მოუწოდებს, ნაწილი კი ძალადობას ახალისებს და მის ყოფილ ქმარს მოუწოდებს ყოფილი ცოლის მკვლელობისკენ.

ზიზღისა და შევიწროების მთავარი „მიზეზი“ ის არის, რომ თაკო რამდენიმე წლის წინ ცნობილ ქმართან განქორწინდა. მისი თქმით, ამ დაშორებას ბევრი სპეკულაცია და დეზინფორმაცია მოჰყვა, სიძულვილის მთავარი სამიზნე კი თავად თაკო გახდა – „გამოგონილ მიზეზებს მაბრალებდნენ“.

ნეტგაზეთთან საუბარში თაკო ჰყვება, როგორ გახდა ერთ დღეში განუზომელი და დაუმსახურებელი ზიზღის ობიექტი და როგორ იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ ეს ყველაფერი დაეძლია.

„მწერდნენ, რომ თავი უნდა მოვიკლა“

ყველაფერი ერთ დილას დაიწყო. რთული სამუშაო დღის შემდეგ გავიღვიძე და ვნახე, რომ ტელეფონზე უამრავი გამოტოვებული ზარი და შეტყობინება მქონდა. ასე გავიგე, რომ ერთ-ერთმა საიტმა მეგობრის წვეულებაზე გადაღებული ფოტო გაავრცელა – პირადი ცხოვრების შესახებ ყალბ ინფორმაციასთან ერთად.

3 წლის წინ განვქორწინდით მე და ჩემი ყოფილი მეუღლე. არ გვინდოდა ამ თემის გახმაურება ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცოდით, ამას რა მოჰყვებოდა, ამიტომ ვეცადეთ ჩუმად, მშვიდად მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი.

მაგრამ რამდენიმე თვის წინ, როგორც მახსოვს, თებერვალში, გავრცელდა ჩემ შესახებ ნიუსი რაღაც უწყინარ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც მეგობრის წრეში იყო გადაღებული და შემდგომ ერთ-ერთი ჩემი მეგობრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული. ნიუსის სათაური ასეთი იყო – „ამა და ამ ადამიანის ცოლს ახალი რჩეული ჰყავს“. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ყალბი ინფორმაცია.

პირველი, რაზეც ვიფიქრე, მშობლები იყვნენ, ყველაზე მეტად ამ დროს ისინი ნერვიულობენ ხოლმე. როდესაც დავრწმუნდი, რომ ყველა მშვიდობიანად იყო, გამოსავალზე დაიწყო ფიქრი, მაგრამ მივხვდი, რომ რაკი საკითხი სიტყვის თავისუფლებასთან კვეთაში მოდის – საუკეთესო გამოსავალი ისევ საკუთარ თავზე კონცენტრირება და საკუთარი თავის გაძლიერებაა.

ბედის ირონიაა ის, რომ ჩემი სამაგისტრო ნაშრომი დავიცავი სწორედ ამ თემაზე. კერძოდ: დეზინფორმაციის გავრცელების მიზნებისა და სისტემურ თავისებურებებზე. შესაბამისად, ასეთი საიტების მუშაობის მექანიზმი ჩემთვის დღესავით არის ნათელი. ასევე მარტივი მისახვედრი იყო ისიც, რომ მიზანი ჩემი რეპუტაციის შელახვა და გარკვეული ეკონომიკური სარგებლის ნახვა იყო.

მარტივად რომ ავხსნა, მექანიზმი შემდეგია: არსებობს საიტი, რომელზეც ყალბი პროფილები არის მიბმული, შემდეგ მიზნობრივ, მრავალათასიან ჯგუფში ზიარდება ეს პოსტები და ამ მიზნობრივ აუდიტორიაში ხდება, ასე ვთქვათ, პოპულარიზება. შეიძლება ეს იყოს ტრაფიკის გაზრდის მიზნით საიტზე, შესაბამისად, ამ ყველაფერს ხშირ შემთხვევაში აქვს ეკონომიკური ინტერესიც. ამასთანავე, შეიძლება ადამიანს უბრალოდ არ მოსწონდე, შეუკვეთოს შენზე სტატია და ეს გაავრცელონ ისე, რომ შენ რეპუტაციული ზიანი მოგადგეს.

ასეთი რეაქციები, ასეთი ზიზღი ნამდვილად მეტყველებს იმაზე, რომ პატრიარქალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ხშირად შენი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ქალი ხარ. თუნდაც ის ფაქტი, რომ მე მოვიხსენიები, როგორც კონკრეტული ადამიანის ყოფილი მეუღლე და არა ჩემი სახელითა და გვარით, კარგად მეტყველებს იმაზე, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ.

როდესაც ასეთი ცხოველი ინტერესი გამოავლინა საზოგადოებამ ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ, მე და ჩემმა ყოფილმა ქმარმა ამას მივუძღვენით საერთო პოსტი ფეისბუკზე, სადაც ვთქვით მკაფიოდ, რომ ჩვენი დაშორების მიზეზი იყო შემდეგი: წლებთან ერთად აღმოგვაჩნდა სხვადასხვა გეგმები მომავალთან დაკავშირებით და, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.

ეს იყო მიზეზი, მაგრამ რატომღაც მოხდა ისე, რომ თუკი ვინმეს რაიმე ფანტაზია ჰქონდა – ყველანაირი ბრალდება მომეწერა მე. აბსოლუტურად შეთითხნილი და მოკლებული რეალურ საფუძველს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი ბრალი, რომ ჩემს შვილებს მომავალი დავუნგრიე, რომ ყველა უბედურია ჩემ გამო. მაშინ, როდესაც რეალობა სრულიად საპირისპიროა – ყველა ძალიან ბედნიერია, ყველას გვაქვს ჩვენი საქმე, რომელსაც სიყვარულით ვაკეთებთ. მეც ჩემი პროფესია ძალიან დიდ ცხოვრებისეულ ძალას მანიჭებს, მყავს არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე, რომელთანაც თავისუფლად შემიძლია კომუნიკაცია. ჩემი შვილები ძალიან ბედნიერები არიან, მათ შორის იმითაც, რომ დედა, როგორც იქნა – გახდა მსახიობი და აისრულა თავისი ოცნება. მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და საერთოდ არ შეესაბამება რეალობას ის ჯოჯოხეთი, რომელსაც ასახავენ.

თაკო ფეისბუკზე კითხულობს მის შესახებ კომენტარებს. ფოტო: ნეტგაზეთი

თაკო ფეისბუკზე კითხულობს მის შესახებ კომენტარებს. ფოტო: ნეტგაზეთი

უკვე პროფესიულად ვუყურებ ამ საკითხს, რადგან ემოციურად ამის მიღება ძალიან რთულია. ხშირად, ვფიქრობ კიდეც, რომ ეს ამბავი მომემართება არა მე, არამედ ჩემს ერთ-ერთი პერსონაჟს. მეხმარება ასევე ისიც, რომ ბევრი ადამიანი კომენტარებში მიცავს, აპროტესტებენ თუნდაც იმას, რომ ამ ადამიანს საკუთარი სახელი და გვარი აქვს და ასე მოიხსენიეთო.

ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილში – მინდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ეს მიემართება მხოლოდ ნაწილს – ნამდვილად შეიმჩნევა ტენდენციები, რომ არ შეუძლიათ მიიღონ ის, რომ ქალი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი… ფინანსურად, ემოციურად, შვილებისთვის იყოს ავტორიტეტი. ხშირად გვასწავლიდნენ და ასწავლიდნენ, რომ ავტორიტეტი არის მამა, დედა კი მათ უბრალოდ ზრდის.

რომ გავაანალიზე ეს კომენტარები, ასევე მივხვდი, რომ იმ ქალებისგანაც მოდის ეს ყველაფერი.. ძალიან ვწუხვარ გულით ამას, მაგრამ ბევრი მათგანი არის ადამიანი, ვისაც თავად განუცდია შეურაცხყოფა, დამცირება, ძალადობა. შესაბამისად, როდესაც ხედავენ, რომ შენ არ ხარ ასე, დამოუკიდებელი ხარ, ბედნიერი ხარ, ფიქრობენ, თუ მე ვარ ცუდად, შენ რატომ უნდა იყო კარგად…

მახსოვს, ერთ-ერთი ასეთი, მუქარის შემცველი კომენტარის ავტორი პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ უწყებას საჩივრით მივმართე, მხოლოდ საყვედურით შემოიფარგლნენ. მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო პრეცედენტი – რომ ასეთი რაღაცების წერა არ შეიძლება.

ეს ხალხი საერთოდ სად არის რეალურ სამყაროში, მე არ მაქვს მათთან გადაკვეთა. მახსოვს, თავიდან ძალიან გამიჭირდა ქუჩაში ფიზიკურად გამოსვლა. განცდა მქონდა, რომ ეს ადამიანები დადიან ჩემ გარშემო. ვიზუალურად წარმოვიდგენდი, რომ ის კომენტარები, რასაც მიწერდნენ, ადამიანებს თან დაჰყვებოდათ ოთხკუთხედებში ჩასმული ტექსტის სახით.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი საერთოდ არ მხვდებოდა… არ ვიცი, თავს იკავებდნენ თუ უბრალოდ ჩემ ირგვლივ არ იყვნენ.

მახსოვს, როცა მიჭირდა თავიდან გარეთ გასვლა, მეგობარი ვნახე და ჩამეხუტა. მითხრა, შენთან ვართო. მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემს წრეში უარესობისკენ არაფერი შეცვლილა, პირიქით. მეგობრები ძალიან დამეხმარნენ.

„ჩემ შემთხვევაში, განსაკუთრებით მტკივნეული იყო კომენტარები, სადაც მიწერდნენ, რომ თავს უნდა ვიკლავდე, თავი უნდა დავიწვა და სხვა. ასევე, მოუწოდებენ ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალადობისკენ. წერენ – „როგორ არ მოკალი?!“ , „როგორ გაუშვი საერთოდ ქუჩაში?!“ და ა.შ.

კიდევ ერთი რამ, რაც, ვფიქრობ, პრობლემურია ამ ადამიანების კომენტარებში და ქცევაში, არის შვილების ფენომენი. ხშირად წააწყდებით კომენტარებს – 4 შვილს რას აჩენდა… ყველაზე ცუდი იყო ამის წაკითხვა.  უკან რომ მიმაბრუნო, იგივე გზას გავივლიდი, იმიტომ, რომ მინდა ჩემი 4 შვილი მყავდეს. და ეს 4 საოცარი ადამიანი არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერება.

ბავშვებზე საუბრისას ხშირად გენდერულ დისკრიმინაციასაც აქვს ადგილი. მიწერენ, 4 გოგო რატომ გააჩინე, ბიჭი გინდოდაო? ერთხელ სკოლიდან მოვიდა ჩემი შვილი და მეკითხება ასეთ რამეს – მართლა იმიტომ გაგვაჩინე შენ ამდენი, რომ ბიჭი გინდოდა გყოლოდა? ძალიან გულდაწყვეტით მითხრა. ეს იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი, იმიტომ, რომ უკვე ბავშვებზეც გავრცელდა ეს ბულინგი, მათაც იგრძნეს ეს“.

კომენტარები თაკო ტაბატაძის შესახებ პოსტებზე.

სტატიების შემქმნელებთან ერთად, თვითონ ადამიანები ახალისებენ ამას. ეს საშინელი კომენტარები, წესით, უნდა იბლოკებოდეს, როდესაც არ იბლოკება – წახალისება ხდება ასეთი ქცევის და ეს დაუსრულებელი ჯაჭვია. როდესაც იცის ადამიანმა, რომ მისი უხამსი კომენტარი წაიშლება, ეცდება ნორმალურად, ცივილიზებულად ჩამოაყალიბოს თავისი აზრი, კორექტულად.

ზოგადად, როდესაც ყალბ ინფორმაციაზე მუშაობენ ეს ადამიანები, მათ კარგად ჰყავთ შესწავლილი სენსიტიური ჯგუფები და იციან, როგორ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რათა გამოიწვიონ შუღლი, დაპირისპირება და სხვა ნეგატიური ემოციები ა.შ. გამოიწვიონ ყურადღება. სათაურები ზუსტად ისეა შერჩეული, რომ… ერთი შეხედვით წერია, რომ აი, თაკო ტაბატაძე არის ულამაზესი, საოცარი, მაგრამ, ამავდროულად, არის ყალბი ცნობები. წერენ, საოცარი თაკო ტაბატაძე ოკეანის გადაღმაა რომანტიკულ გარემოშიო. ამ დროს ვარ გურიაში, ჩემს საოცარ 4 შვილთან ერთად შეკვეთილის სანაპიროზე და ჩემი ლიზა მიღებს ფოტოებს. თითქოს დადებით [სტატიას] წერენ, მაგრამ ამ საზოგადოებაში ეპითეტებიც დიდ აგრესიას იწვევს. თუ არ მოკვდი, არავინ აღიარებს არც შენ სიკარგეს, არც სილამაზეს. რაღაც უბედურება უნდა შეგემთხვეს, რომ გაღიარონ.

ჰედლაინი ერთ-ერთ ნიუსზე.

ჰედლაინი ერთ-ერთ ნიუსზე.

ყველა ადამიანს ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს. ჩემ შემთხვევაში გამიმართლა და ამ ყველაფერს გავუმკლავდი, მაგრამ ეს უარყოფითი ემოციები ყოველთვის ილექება და სადღაც აუცილებლად გამოვლინდება. ეს შეიძლება იყოს უხასიათობა თუ სხვა.

მაგრამ ეს არის საშიში ტენდენცია, ესენი არიან პოტენციური ბოროტმოქმედები, რადგან ადამიანებს უბიძგებენ სუიციდისკენ. ერთგვარი „კაცთთაყვანისმცემლობაც“ სუფევს საზოგადოების ამ ნაწილში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყვილი ცივილურად დაშორდა, ყველაფერს ქალს აბრალებენ, კაცს კი უწერენ, შენ უნდა მოკლა, შენ უნდა ცემო ქალი.

ეს ბულინგი არ არის უბრალოდ სიტყვები, სიტყვები იარაღია. შესაბამისად, ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს ეს ყველაფერი. ვიღაც ადამიანზე შეიძლება დადგეს ისეთი შედეგი…

რამდენიმე წლის წინ ჩემს სახლთან ახლოს მოხდა მკვლელობა: ქმარმა ახალგაზრდა ცოლი სასტიკად მოკლა. შემხვდა სტატია და ჩამოვყევი კომენტარებს. ვერ აღვწერ, რა საშინელება დამხვდა იქ. ხალხი წერდა, კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამო, ესე იგი ღირსი იყო ის ქალიო. არ ვარ ემოციური, მაგრამ ცხარე ცრემლით დავიწყე ტირილი. საუბარი იყო ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გოგოზე, რომელზეც წერდნენ, რომ სიკვდილის ღირსია.

სულ ეს მახსენდება. თუ ამის გამართლება შეუძლია ზოგიერთს, არაფერი უნდა გაგიკვირდეს და არაფერი უნდა გეწყინოს, მადლობელი უნდა იყო, რომ გადარჩი საერთოდ ამ საზოგადოებაში. ასეთი რაღაცების კითხვა საშინელებაა ოჯახის წევრებისთვის – დედებისთვის, მამებისთვის, მეგობრებისთვის..

ეს პრობლემები რაც არის ქალების მიმართ, ასევე არის უმცირესობების თუ სხვა ჯგუფების მიმართაც. ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს იმიტომ, რომ ნორმალური სახელმწიფოს დანიშნულება არის ის, რომ ყველამ დაცულად ვიგრძნოთ თავი. შესაბამისად, როდესაც ადამიანი ასე იმუქრება, აქეზებს დანაშაულს, ამის საწინააღმდეგოდ რაიმე მექანიზმი უნდა არსებობდეს.

თუნდაც, ცნობიერების ამაღლება და მედიაწიგნიერების გაზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა ყველა რეგიონის მოცვა.. ვიცი, რომ პროექტები იყო მედიაწიგნიერების ამაღლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდ დისკომფორტში ვაგრძელებთ ცხოვრებას ქალები. რაც ჩემს თავს ხდება, ეს არის შევიწროება.

კიდევ ერთი გამოსავალი ბავშვების განათლებაა. მაგალითად, ფინეთში ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ასწავლიან სკოლებში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სოციალურ ქსელებში – ასწავლიან, რა არის ყალბი ინფორმაცია, რა არის ნამდვილი ინფორმაცია. როგორ უნდა გადაამოწმო ესა თუ ის ცნობა. ეს უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესშიც, რადგან საზოგადოება, რომელიც ასე იზრდება – მისი მანიპულირება ძალიან რთულია.

რაც შეეხება ჩემს რჩევას იმ ადამიანებს, ვინც ახლა მსგავს გზას გადის – ვურჩევ, რომ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციონ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, აკეთონ და აღნიშნონ პატარ-პატარა წარმატებები, დაინახონ და დააფასონ საკუთარი თავები. შემოიფარგლონ საკუთარი თავი საყვარელი ადამიანებით.

მე მყავს შვილები, ვისთვისაც ვიცი, რომ უნდა ავდგე ყოველ დილას, არ მივაქციო კომენტარებს ყურადღება და ვიყო მათთვის ნამდვილი მაგალითი.

მასალების გადაბეჭდვის წესი